“შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ცერცვაძემ მედიასთან განმარტა, კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს შეზღუდვის ზომები და შეირჩეს ის სფეროები, სადაც შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია.
“შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ. მე ერთი მხრივ ადამიანურად გულწრფელად თანავუგრძნობ ველა იმას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა ამ ნაწილობრივი “ლოქდაუნის” და გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში და ადამიანურად მე მათ მხარს ვუჭერ, მაგრამ როგორც ექიმი, მე ვარ მომხრე ეტაპობრივი მოხსნის, რომ ყოველ მოცემულ მომენტში მოიხსნას ის შეზღუდვა, რომელიც იმ კონკრეტულ პირობებში არ გამოიწვევს შემთხვევების რისკის რიცხვის ზრდას, ეს აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავიმეორებთ იმ შეცდომას, რომელიც დავუშვით ზაფხულში. შედეგად მივიღეთ ძალიან სწრაფი უკონტროლო ზრდა, რამაც თავის მხრივ ბუმერანგივით დაგვარტყა უკან და გამოიწვია ხელმეორე იძულებითი შეზღუდვები.” – განაცხადა ტენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები პირველი თებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.