ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ადამიანების რაოდენობა, რომელიც ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნოემბერ-დეკემბერში ვაქცინის მიმართ მოქალაქეების პოზიტიური განწყობის მაჩვენებელი შედარებით მაღალი დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პერიოდში ეპიდსიტუაციაც მძიმე იყო.

„გარკვეული პერიოდულობით ჩვენთანაც კეთდება სოციოლოგიური გამოკითხვები. სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 50%-დან 60%-მდე მერყეობს. ნოემბერში უფრო მეტი იყო ეს მაჩვენებელი, ანუ მეტი იმედი ჰქონდათ ადამიანებს იმიტომ, რომ მაშინ სიკვდილიანობა გაიზარდა, რთული სიტუაცია იყო, შემდეგ ეს შემცირდა. ეს მხოლოდ COVID ვაქცინაზე არაა, მოგეხსენებათ, ანტივაქცინური მოძრაობა ძალიან ძლიერია მსოფლიოში და ჩვენთანაც. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა“, -აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი გზა მოსახლეობის ვაქცინაციაზე გადის.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 41% თანახმაა, რომ ვაქცინა გაიკეთოს. დასმულ კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები – გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 41% პასუხობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავს შეიკავებს. გამოკითხული მოქალაქეების 41% ამბობს, რომ აიცრება, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.

 

 

იტვირთბა....