“ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის გარეშე გავისტუმრებ უმანდატო ქვეყანაში”– ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ერთმანეთთან ცვლის ინფორმაციას, ატარებს კონსულტაციას.
„ქუჩაში უკვე ვართ. ბიძინა ივანიშვილი ისე ახლოს არის ჩვენთან, როგორც არასდროს. ამიტომ თუ ის არ წავიდა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რევოლუცია, ანუ ხელისუფლების შეცვლა არასაარჩევნო გზით, გარდაუვალი იქნება. ეს არ იქნება ოპოზიციის ბრალი, ტელევიზიის მუშაობის შედეგი ან ზეციური განგების ასახვა.
ჯგუფურადაც ხვდებიან. შესაბამისად, იმ საკითხებზე, რაც საერთო გადასაწყვეტია, საქმის კურსში ვართ. ის, რაც ორი ან რამდენიმე პარტიის ურთიერთინტერესს ეხება. მე არ ვცდილობ, ჩავერიო. გუშინ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას გუშინდელ განცხადებაზე, რომლის თქმითაც, მოეჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მას დაემუქრა. ამასთან, მან კომენტარი გააკეთა „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გამიჯვნაზეც ოპოზიციიდან.
„ვფიქრობ, ბატონმა იაგომ გემრიელად იხუმრა ბატონ ნიკასთან დაკავშირებულ საუბარსა და მის შედეგებზე. ოპოზიციაში არც ერთი ლიდერი იმას არ დაიჯერებს, რომ მას შეუძლია, მეორე ლიდერმა რაიმე ფიზიკური საფრთხე შეუქმნას და მით უფრო, მის მოსაგერიებლად დასჭირდეს ცეცხლსასროლი იარაღი.
ეს ბატონი (ალეკო ელისაშვილი), რომელიც მიხსენეთ, როცა უნდოდა თანამშრომლობდა, მათ შორის პირადადაც, როცა აღარ დასჭირდა, გაემიჯნა, როცა დასჭირდება, შესაძლოა, ისევ მოემიჯნოს“, – განუცხადა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს.