ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს ქმედება გმირობად გამოაცხადეს, თან იმ ადამიანებმა, რომლებიც თავად იყვნენ ცოცხების სროლის ობიექტი”- რომან გოცირიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ბათუმში საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ურნიდან ნაგავი დააყარეს.

რომან გოცირიძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზოგმა პროტესტის ეს ფორმა გმირობად ჩათვალა.

გოცირიძის შეფასებით, სგავსი ქმედებების წახალისება აზიანებს პოლიტიკურ პროცესებსა და ტავად ოპოზიციას.

„პარტიების დიდმა ნაწილმა სწორი შეფასება მისცა, ზოგიერთმა სამწუხაროდ, მოიწონა და გმირობად გამოაცხადა, თანაც იმ ადამიანებმა, რომლებიც თავად იყვნენ ძალადობის, ნაგვის, კვერცხების ( ახლადგამოჩეკილი წიწილების) და ცოცხების სროლის ობიექტი. როცა ოცდაათი წელია ხარ პოლიტიკაში, მთელმა ცხოვრებამ გაიარა ამ პროცესში და როცა ზურგს გიმაგრებს წარსულის გამოცდილება, კი უნდა მიხვდე, რომ არაფერი კარგი არ მოაქვს მსგავსი ქმედებების წახალისებას. ეს აზიანებს პარტიას, აზიანებს მთლიანად ოპოზიცია, ასუსტებს იმ მთავარ უპირატესობას, რომელსაც მორალური უპირატესობა ჰქვია გაყალბებული არჩევნების შემდეგ,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

თუმცა, გოცირიძის თქმით, აქციის მონაწილის დაკავება მოხდა შერჩეული პრინიპით და ხელისუფლებამ ის აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს.

შეგახსენებთ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აქტივისტები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა ირაკლი ფანგანი და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....