ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს როგორ უნდა იკადრო!” – ვახო სანაია ბათუმის ინციდენტს ეხმიანება

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალური ქსელის საშუალებით ბათუმში მიმდინარე აქციაზე მომხდარ ფაქტს ეხმიანება.

როგორც სანაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, ის, რაც დღეს ბათუმში მოხდა საშინელებაა, ხოლო ადამიანმა არ უნდა გადააბიჯო იმ ზღვარს, რომლის იქით არც პოლიტიკაა, არც არაფერი.

“ის, რაც ბათუმში მოხდა, საშიში მოვლენაა. ჯერ ერთი, მეზიზღება, როცა ადამიანს ამ ფორმით უპირისპირდებიან. არ უნდა გადააბიჯო იმ ზღვარს, რომლის იქით არც პოლიტიკაა, არც არაფერი. ოჯახი, ნათესავები, ახლობლები…მოკლედ, ეს როგორ უნდა იკადრო! ესე იგი, არაფერზე ფიქრობ. ესე იგი, აზროვნება იმ მომენტში შეწყვეტილია.

ახალგაზრდა კაცი მისდევ მამისტოლა ადამიანს შეძახილით მოღალატე, მოღალატე და ნაგავს აყრი თავზე. აქედან შორს კი არ არის თოფის სროლამდე იმავე შეძახილებით.  ასევე – ვინც ტაშს უკრავთ, იქნებ მოერიოთ საკუთარ თავს და ნუ დაემსგავსებით ნაგვით მორბენალს.” – წერს სანაია.

შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრმა ურნით ნაგავი თავზე დააყარა. ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალა კი მოძრაობა „ალტერნატივა“ გაავრცელა.

„ნაგვის ყუთში ჩაგდებას, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის თავზე დაყრა ვამჯობინეთ (წნევიანი კაცია მაინც) . ყველა მოღალატეს იგივე ბედი ელის. ის ვინც ქართველ ხალხს უღალატებს და საკუთარი კეთილდღეობისთვის კომფორტს ამჯობინებს, საკადრის პასუხსაც მიიღებს ქართველი ხალხისგან“, – აცხადებს „ალტერნატივა“.

იხ: ფოტო:

ამასთან, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩავლეიშვილმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო ის პოლიციაში ჩივილს არ აპირებს.

„მე საჯარო პირი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს და ამ ახალგაზრდას, რომელსაც მეტი შეგნება არ აქვს, ციხე გაზრდის? პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც მათ აგულიანებს – ვარშალომიძე, კირთაძე, ანთაძე, ისინი აგზავნიან ამათ. მათ უნდათ, რომ ამაზე ააგონ აჟიოტაჟი. მე, პირადად, ჩივილს არ ვაპირებ, მაგრამ იმიტომ არის პოლიცია და პროკურატურა, რომ ასეთ ხალხს მიხედოს“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

ცნობისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილი საარჩევნო ბლოკის ენმ – „ძალა ერთობაშიას“ სიაში „რესპუბლიკური პარტიიდან” მოხვდა. არჩეულმა დეპუტატმა დეკემბერში განაცხადა, რომ ტოვებდა „რესპუბლიკურ პარტიას“ და ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად შევიდოდა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

იტვირთბა....