ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებაში მორალური ზღუდე მორღვეულია, ანუ ყველაფერი მოსულა”- გია ხუხაშვილი პოსტს აქვეყნებს

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბათუმში საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ ეხმიანება, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ურნიდან ნაგავი დააყარეს  და პროტესტის ამ ფორმას მიუღებელს უწოდებს.

როგორც ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოებაში მორალური კანონი არ არსებობს და მას ცივილიზებული გაგება აკლია.

“ლუჩანო პავაროტის, რომელსაც მთელი იტალია აღმერთებდა, ერთი პერიოდი მეზობლები არ ესალმებოდნენ, რადგან ეჭვმიტანილი იყო გადასახადების დამალვაში. ასე მუშაობს მორალური კანონი, რომელიც ფორმალურ კანონებზე არანაკლებ ეფექტურია საზოგადოების სიჯანსაღისთვის.

როდესაც დღეს ვცდილობთ ჩავლეიშვილის საქციელი უვნებელ “კონფორმიზმად” წარმოვაჩინოთ და ზიანი მისი პერსონალური “რეპუტაციით” გავზომოთ, აქ ჩანს რომ ჩვენს საზოგადოებაში ეს მორალური ზღუდე მორღვეულია, ანუ ყველაფერი მოსულა და ეს პიროვნების პირადი პრობლემაა.
ამ დროს, ამ ტიპის კონფორმიზმი დღევანდელ საქართველოში მთავარ სოციალურ უბედურებად იქცა და მთელი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სხეული დააზიანა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების ჩათვლით.

ჩვენი საზოგადოება მზად არის უსასრულოდ ილაპარაკოს ფორმაზე, მაგალითად ნაგვის დაყრაზე, ექსტრემიზმზე, მაგრამ არ უნდა საუბარი იმაზე, რომ რაღაცა “არ მოსულა” და ცივილიზებული გაგებით საზოგადოებრივად საშიში ქმედება, პიროვნების პირად პრობლემად მონათლოს.
ამიტომ, ყველას ვთხოვდი, სანამ საქვეყნო პრობლემებზე ვისაუბრებთ, გავერკვეთ, რა მოსულა და რა არა…,”- წერს გია ხუხაშვილი სოცქსელში.

შეგახსენებთ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აქტივისტები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა ირაკლი ფანგანი და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....