“არ შეიძლება, მომწონდეს, ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, მაგრამ მესმის იმ პოლიტიკოსებისადმი მრისხანების, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ,” – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე, ნიკა მელია გუშინ, ბათუმში მომხდარ ინციდენტს.
როგორც ნიკა მელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული საქციელი სასიამოვნო საყურებელი არ იყო და პროტესტის ამგვარი ფორმა მიურებელია.
„არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა, მაგრამ „ხელისუფლებამ“ საზოგადოებას, თავს ლაფი დაასხა – ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ „ხელისუფლებას“ გვერდით მიუჯდა.
ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ.
ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე, დიახ ოდესმე, დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს“, – წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.