ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “მადლობა მომიხადეთ, რომ კანონის ფარგლებს არ გავცდი გამწარებული ადამიანი”- შაქარაშვილის დედამ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულებს მიმართა

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედა თამარ შალვაშვილი სასამართლოში დაიკითხა.  სასამართლოში გარდაცვლილის დედამ 19 ივნისის ღამე დეტალურად გაიხსენა. ამის შესახებ სიუჟეტი ტვ “პირველმა” მოამზადა.

თამარ შალვაშვილი ბრალდებულებს მკვლელებს უწოდებს და მათ უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

“მამამისი რამდენჯერმე გადაურჩა სიკვდილს. ოჯახი გაგვინადგურდა. ბებია 5 თვეში უკან მიჰყვა დარდს. გამომდინარე აქედან, ჩემთვის საკმარისია ის მტკიცებულებები, რაც აქვს პროკურატურას. მოვითხოვთ უმკაცრესად დასჯას. ჩემთვის ეს 5 ადამიანი მკვლელები არიან, საზოგადოებისთვის საშიშები. უდანაშაულო ადამიანს მისდევდნენ და არ იცოდნენ, ვის კლავდნენ,”- ამბობს თამარ შალვაშვილი.

სასამართლოში ეს თამარ შალვაშვილის პირველი ჩვენება, მან სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულებსაც მიმართა.

“უცხო ხალხი მწერს, ვაკავებ ხალხს, რომელიც მოითხოვს ლინჩის წესით გასამართლებას. მადლობა მომიხადეთ, რომ კანონის ფარგლებს არ გავცდი ეს გამწარებული ადამიანი და თქვენ ახლა ზიხართ აქ,”- ამბობს თამარ შალვაშვილი.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოაცხადოს.

პროკურატურამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და მას ფიზიკური დაზიანებები გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.

იტვირთბა....