ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოზიციები არის იმდენად დაახლოებული, რომ შესაძლოა დასრულდეს პოზიტიური შედეგით”- თალაკვაძე ელისაშვილთან შეხვედრის შემდეგ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტია “მოქალაქეების” ლიდერების და “ქართული ოცნების” პოზიციები საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით დაახლოებულია.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვებს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი.

“პოზიციები საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, რომ ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით, ვგულისმხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მუშაობას დეტალებთან დაკავშირებით, დავაზუსტებთ კიდევ რამდენიმე დეტალს. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკების ფარგლებში კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა,“- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, განიხილება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევის საკითხი, ასევე არჩევნების პროცესში ტექნოლოგიებისა და სხვა რეგულაციების დანერგვა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც მმართველი პარტიიდან არჩილ თალაკვაძესა და მამუხა მდინარაძეს შეხვდნენ.

იტვირთბა....