ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეს ეხმიანება, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს სტრასბურგის სასამართლო გმიიღებს.
კუბილიუსი “ფორმულასთან” საუბარში იმედი გამოთქვამს, რომ ევროპული სასამართლო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს დააკისრებს.
ამასთან, კუბილიუსი აცხადებს, რომ რუსეთი ადვილად არ შეიცვლის პოზიციას.
“იმედი მაქვს, სამართლიანობა გაიმარჯვებს და მკაფიოდ იქნება გამოცხადებული, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დაწყებაზე. არ ვიცი კონკრეტულად რას დააკისრებს მას სასამაართლო. არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი ადვილად შეიცვლის პოზიციას, მაგრამ ეს დროის საკითხია. ბელარუსის მოვლენების შემდეგ, რუსეთშიც გარდაუვალია რაღაც სახის ტრანსფორმირების პროცესის დაწყება. ამიტომ, რუსეთში დემოკრატიის დაბრუნებასთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, იქნება ეს აგვისტოს ომზე თუ უკრაინის ოკუპაციაზე, დიდ როლს ითამაშებს”, – აცხადებს კუბილიუსი.
“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – 2008 წლის ომის” საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა დღეს საბოლოო განაჩენს გამოიტანს. სასამართლოში საჩივარი შეტანილია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.