“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – 2008 წლის ომის” საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა დღეს საბოლოო განაჩენს გამოიტანს.
სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას საქართველოს დროით 14:00 საათზე გამოაცხადებს.
სასამართლოში საჩივარი შეტანილია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
2008 წელს იუსტიციის სამინისტროს სახელით შესული სახელმწიფოთაშორისი სარჩელით საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, საკუთრების დაცვის, განათლების, მიმოსვლის თავისუფლების დარღვევაში.
საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანეს. 2016 წლის ივნისში სასამართლომ სტრასბურგში გამართულ სხდომებზე მოწმეებისა და ექსპერტებისგან მტკიცებულებები მიიღო, მოსმენა კი 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.