ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაყურებელს ვუხდით ბოდიშს, “რუსთავი 2″-მა ვერ უზრუნველყო სტუმრებისათვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა”- ტელეკომპანია განცხადებას ავრცელებს

“რუსთავი 2”-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი იმნაიშვილი 19 იანვარს „ღამის კურიერში“ “ლელოს” ლიდერს მამუკა ხაზარაძესა და “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მამუკა ხაზარაძის მოსაზრება, რომ ეთერი წინასწარ დაგეგმილი იყო, სიმართლეს არ შესაბამება და გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება.

განცხადების თანახმად, 19 იანვრის სამწუხარო ინციდენტის გამოყენება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

განცხადებაში აღმასრულებელი დირექტორი მომხდარი ინციდენტის გამო მაყურებელს ბოდიშს უხდის.

„რუსთავი 2-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამოცანაა განსხვავებული პოზიციების წარმოჩენა და დიალოგის პლატფორმის შექმნა.

ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, „ღამის კურიერის“ 19 იანვრის ეთერში მომხდარი ინცინდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი.

ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ „ღამის კურიერის“ მთავარი სარედაქციო ფასეულობაა ურთიერთპატივისცემა. გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება.

თუმცა, გადაცემის ფორმატი დაირღვა და პირდაპირ ეთერში სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოხერხდა. რუსთავი 2-მა ვერ უზრუნველყო სტუმრებისათვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა.

ჩვენს მაყურებელს და გადაცემის სტუმრებს ვუხდით ბოდიშს.

19 იანვრის სამწუხარო ინციდენტის გამოყენება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია იმ ჯგუფის მხრიდან, ვინც 26 წლიანი ისტორიის მქონე ტელეკომპანიის ეთერიდან გათიშვა ერთხელ უკვე სცადა. რუსთავი 2-ის ისტორია, არის საქართველოს უახლესი ისტორიის სარკე.

სამწუხაროდ, იყო პერიოდი, როცა ტელეკომპანია ღიად ატარებდა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს. ამ ჯგუფის მხრიდან ტელეკომპანიაზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ ისინი ცდილობენ გააქრონ რუსთავი 2 და ცილი დასწამონ აქ მომუშავე ადამიანებს.

ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება.

პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ვცდილობთ გავწიოთ ფასილიტაცია, რომ პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს. ეს აღნიშნულია ევროკავშირისა და „გაეროს განვითარების ფონდის“ მიერ დაკვეთილი მედიამონიტორინგის კვლევაშიც.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დიალოგის პლატფორმა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს მოუსმინოს ყველა პოლიტიკურ ძალას და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს“,- ნათქვამია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 19 იანვარს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და “ლელოს” დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს შორის “ღამის კურიერის” ეთერში დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

იტვირთბა....