გაზეთი „კვირის პალიტრა“ რედაქციაში შესული ერთ-ერთი სატელეფონო ზარის საფუძველზე წერს, რომ ექიმების არცთუ მცირე ნაწილი კერძო კომპანიებთან არის გარიგებული და პაციენტებისთვის სხვადასხვა მედიკამენტის დანიშვნის სანაცვლოდ, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრულ თანხასაც იღებს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა პედიატრიის სფეროშია. ამ სტატიის მიზეზი გამოცემის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომლის მიხედვითაც გაარკვიეს, თანამშრომლობდნენ თუ არა ექიმები კერძო კომპანიებთან ე.წ. შავი ანაზღაურების სანაცვლოდ.
გაზეთის ჟურნალისტებმა პოლიკლინიკები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩიეს, ექიმებს არარსებული ფარმაცევტული კომპანიის (“ფემილი”) სახელით დაეკონტაქტნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„პირველად ავჭალის ერთ-ერთ პოლიკლინიკას ვესტუმრეთ, პედიატრ ც.მ.-ს შევხვდით და თავი “ფემილის” წარმომადგენლად გავაცანით. ვუთხარით, რომ ახალ სააფთიაქო ქსელს ვხსნით, ჩვენთვის პრიორიტეტული ბავშვთა კვებაა და მომხმარებლების მოსაზიდად ექიმების დახმარება გვჭირდება. პედიატრს გაუხარდა ჩვენი სტუმრობა, შეთავაზება არ უუცხოებია და ექიმებისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობის სქემაც გაშიფრა:
– აფთიაქებთან კონტაქტი არასოდეს გვქონია. ხელოვნური კვების შემომტან კომპანიებთან ჩვეულებრივ ვთანამშრომლობთ… თქვენი პირობები მითხარით და სხვა ექიმებსაც დაველაპარაკები. ისე, ეს ჩვენმა მთავარმა ექიმმა რომ გაიგოს, დაგვამხობს თავზე ყველაფერს. გამიგეთ? ამ თემაზე საუბარი გვეკრძალება. ამიტომ გითხარით, ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით…
სანამ “ჩამოვყალიბდებოდით”, ჯერ დავინტერესდით, ბავშვთა კვების შემომტანი კომპანიები რა მექანიზმით ამოწმებენ მათ პროდუქციას. უნიშნავს თუ არა ამ პროდუქტს კონკრეტული პედიატრი ბავშვს? პედიატრის თქმით, ის ხუთ კომპანიასთან თანამშრომლობს და ბავშვს საკვებს იმის მიხედვით უნიშნავს, რომელი კომპანიის საკვებს “მიიღებს” ბავშვი. შესაბამისად, ის კომპანია უხდის ფულს, რომლის პროდუქციასაც ყველაზე მეტს გაყიდის თვის განმავლობაში.
სხვადასხვა კომპანიას განსხვავებული ფასები აქვს, თანაც პირველად კვებაზე სხვა ფასია. ბონუსი თვეში 5-დან 10 ლარამდე მერყეობს…“.
გამოცემის მიხედვით, ნაძალადევის რაიონის კიდევ ერთი პოლიკლინიკის პედიატრი, შ.ჯ., საუბრისას ბევრად ფრთხილი აღმოჩნდა. მან ჯერ განაცხადა, რომ, “ბონუსებს ნაკლებად იღებს”. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს.
საია-ს იურისტი თამარ დეკანოსიძე აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტების გამო სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია. მისი თქმით, ,,დიდი ხანია საზოგადოებაში არსებობს ეჭვები, რომ ექიმები მსგავს გარიგებაში არიან ჩართული, ამიტომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულებები პერიოდულად შეამოწმოს და დარწმუნდეს, რომ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება კანონის ფარგლებში ხდება. ექიმი ვალდებულია პაციენტებთან ურთიერთობისას ანგარებით არ იმოქმედოს – ამაზე კანონმდებლობაში პირდაპირ არის მითითებული. თუ ეს მოთხოვნები დაირღვევა, სამედიცინო დაწესებულების, ან ჯანდაცვის პერსონალის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვფიქრობ, ამ მასალებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია“.
გამოცემის ჟურნალისტები რამდენიმე პოლიკლინიკაში იყვნენ და ყველგან ერთი სცენარით განვითარდა მოვლენები. გამონაკლისი მხოლოდ დიღმის ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფო აღმოჩნდა, რომლის პედიატრმა, ჯ.მ.-მ, კატეგორიული უარი განაცხადა უკანონო გარიგებაზე.