ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, საქართველოში მასიურად არ ხდება, როდესაც კორონაგადატანილი პაციენტები კლინიკებში ჰოსპიტალიზაცია განმეორებით სჭირდებათ. ამის შესახებ ექიმმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
კალოიანის მოსაზრებით, საქართველოში რამდენიმე თვეში გართულებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ერთ-ერთი გამოწვევა იქნება.
„ამ კვლევაში ძირითადად 65 წელი და ზემოთ არის მათი საშუალო ასაკი, ვისაც დასჭირდა განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია. საქართველოშიც არის პოსტკოვიდური პრობლემები, თუმცა რაც არის ოფიციალური შემთხვევები, მასიური სახე არ აქვს. რამდენადაც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრო აღრიცხავს და ოფიციალურად რა ციფრებსაც გვაწოდებენ, დიდი რაოდენობა არ არის. ეს მოსალოდნელია რამდენიმე თვის შემდეგ. გართულებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ერთ-ერთი გამოწვევა იქნება.
კორონავირუსი ტოვებს ფილტვებში საკმაოდ დიდ დაზიანებას, რომელიც საჭიროებს მუდმივ ქრონიკულ თერაპიას. ეს მეტ-ნაკლებად ემორჩილება თერაპიას, თუმცა, საბოლოო ჯამში, რაღაც რაოდენობაში იმდენდ კრიტიკულად მცირდება ფილტვის მოცულობა, მუდმივ მკურნალობას საჭიროებს. პრევენცია ბოლომდე შესაძლებელი არაა. ასევე ადამიანები ბრუნდებიან კარდიოლოგიურო პრობლემებითაც“,- განაცხადა კალოიანმა.
ცნობისთვის, ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგების მიხედვითაც, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა. კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.