იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოწმეთა დაკითხვის არსებულ წესში ცვლილების შეტანაზე შეფასება გააკეთა. მოწმეთა დაკითხვის არსებულ წესში ცვლილება 2016 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს. ახალი კანონის მიხედვით მოწმეების დაკითხვა პირდაპირ სასამართლოს მიერ მოხდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით, მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო განხილვების დაწყებამდე, სამართალდამცავი ორგანოს მიერ უნდა მოხდეს მოწმის დაკითხვა მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით.
“ის წესი, რომელიც უნდა ამოქმედდეს 1 იანვარს, თუ ამოქმედდება, ჩვენ საზოგადოებას ვეღარ დავიცავთ დანაშაულისგან. დღეს სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ 1 იანვარს მთლიანად გაუქმდეს საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი და მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდეს მოწმის დაკითხვა. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შემოვიდეს სრულიად გაუაზრებელი, სხვა ქვეყნის სისტემიდან ბრმად გადმოღებული წესი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს ხელს შეუშლის დანაშაულთან ბრძოლაში,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ეს ცვლილება გაუაზრებელია და ის კრიმინალისგან ვერ დაიცავს საზოგადოებას. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ახალი წესის დასამკვიდრებლად არ არის მზად არც სასამართლო და არც სამართალდამცავი ორგანოები.