“მეტი თავისუფალი გირჩის” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს არ სჯერა, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა.
ჯაფარიძეს არც იმის სჯერა, რომ ივანიშვილი საფრანგეთში წავიდა, უფრო მეტიც ის ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში და ამიტომ გაიწია პოლიტიკიდან.
„არ მჯერა, რომ ის სადმე წასვლას აპირებდეს ან საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პირიქით მგონია, რომ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, მათ შორის ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და გაიწია პოლიტიკის წინა ხაზებიდან.
არ მჯერა იმის, რომ პოლიტიკას საერთოდ ჩაეხსნება. იმდენად დარწმუნებულია რომ მის პირად უსაფრთხოებას არ ემუქრება საფრთხე რომ უკვე შეუძლია მისთვის უფრო კომფორტულ პოზაში გადაინაცვლოს და გადავიდა კიდევ უფრო ღრმა კულისებიდან მართვაზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, ” ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მმართელი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. აღნიშნული ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში აპირებს წასვლას.