ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს იშვიათი დაავადებაა და უმეტესად უფროს ბავშვებსა და მოზარდებში ფიქსირდება” – ექიმის რჩევა მშობლებს

რამდენად საშიშია მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში და როგორ მიმდინარეობს ის  მოზარდის ორგანიზმში, – ეს ის საკითხია, რომელზეც Mshoblebi.ge-სთან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. 

“მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში იშვიათი სისტემური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს გახანგრძლივებული ცხელებით და მძიმე ანთებითი პროცესით, რაც მოჰყვება ახალი კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით, ინფიცირებას. პირველი პუბლიკაცია ამ სინდრომის შესახებ 2020 წლის მაისის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა, რომელშიც აღწერილი იყო რვა მძიმედ დაავადებული პედიატრიული პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ შოკი მულტიორგანული მონაწილეობით. დიდი ბრიტანეთის პედიატრიისა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის (The Royal College of Paediatrics and Child Health- RCPCH) მიერ ეს მდგომარეობა განმარტებული იქნა, როგორც ბავშვთა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი დროებით ასოცირებული COVID-19-თან. მსოფლიოში უფრო მეტი შემთხვევის გამოჩენის კვალდაკვალ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაავადებას ეწოდა მულტისიტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში (MIS-C). MIS-C-ის განვითარების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სინდრომი წარმოიქმნება ვირუსზე ორგანიზმის პასუხად განვითარებული პათოლოგიური იმუნური რეაქციით, გარკვეული მსგავსებით კავასაკის დაავადებასთან.

სავარაუდოა პოსტ-ინფექციური პროცესის განვითარება, რომელიც დაფუძნებულია ამ შემთხვევების რაოდენობის ზრდის თანხვედრაზე COVID-19-ის შემთხვევების პიკთან. მაგალითად, ლონდონში, COVID-19-ის შემთხვევების პიკი 2020 წლის აპრილის პირველ-მეორე კვირას აღინიშნა, ხოლო MIS-C შემთხვევათა მატება მოხდა მაისის პირველ-მეორე კვირა. ეს სამი-ოთხი კვირის ჩამორჩენა მიანიშნებს, რომ MIS-C შეიძლება წარმოადგენს ვირუსის შემდგომ ინფექციურ გართულებას და არა მწვავე ინფექციას.
საქართველოში ეს დაავადება პირველად 2020 წლის 2 ნოემბერს იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულ ბავშვში დიაგნოსტირდა. საინტერესოა, რომ ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთში, ჩვენთანაც MIS-C შემთხვევების მატება იანვრის პირველი კვირიდან დაიწყო, რაც ემთხვევა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მატებას ერთ თვით ადრე, დეკემბრის პირველ ნახევარში.
დაავადების კლინიკური მიმდინარეობა, მისი ბუნებიდან გამომდინარე (მულტისისტემური დაზიანება), მძიმეა და ასეთი ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ასევე აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაცია სასურველია მოხდეს მულტიპროფილურ პედიატრიულ კლინიკაში, ვინაიდან ასეთი პაციენტები აუცილებლად საჭიროებენ მულტიდისციპლინარულ მართვას: კარდიოლოგი, ინფექციონისტი, რევმატოლოგი, ნეფროლოგი, პულმონოლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, დერმატოლოგი, ნევროლოგი, რეანიმატოლოგი.

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ შესაძლოა MIS-C სინდრომთან ჰქონდეს საქმე?

– ამ დაავადებისთვის ძირითადად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა (38 და მეტი, 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში, უხშირესად 3-6 დღე) და რამდენიმე ორგანოს დაზიანების მიმანიშნებელი სიმპტომების არსებობა, მაგალითად ხველა, კანზე გამონაყარი, დიარეა, ხელების და ფეხების შეშუპება და სხვა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ამ სინდრომს ახასიათებს მუდმივი ცხელება 38,0 და მეტი (საშუალო ხანგრძლივობა 4-6 დღე); კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა; ზოგ ბავშვებში აპენდიციტის კლინიკის მსგავსი); კანზე გამონაყარი; კონიუნქტივიტი; ლორწოვანი გარსის დაზიანება; თავის ტკივილი, ცნობიერების შეცვლა; რესპირაციული სიმპტომები; ხელების/ფეხების შეშუპება და სხვა.

- ძირითადად, რა ასაკში გვხვდება და რამდენას საშიშია? ასევე, თუ არის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებული?

-MIS-C შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირებულია უფროს ბავშვებსა და მოზარდებში (საშუალო ასაკი 8-დან 11 წლამდე), რომლებიც ადრე ჯანმრთელები იყვნენ. მათ ან აქვთ ადრე გადატანილი COVID-19 ან შეიძლება ეს სინდრომი განვითარდეს ბავშვში, რომლებმაც უსიმპტომოდ გადაიტანეს კორონავირუსი. მშობლების არცთუ ისე მცირე ნაწილმა ჩვენგან გაიგო, კორონავირუსის ანტისხეულების განსაზღვრის შემდეგ, რომ მის შვილს COVID-19. გადატანილი ჰქონდა.

- თქვენს კლინიკაში რამდენი ბავშვი მკურნალობს MIS-C სინდრომით და როგორია მათი ზოგადი მდგომარეობა?

– 2 ნოემბრიდან დღემდე ჩვენს კლინიკაში 49 ბავშვი იქნა ჰოსპიტალიზებული MIS-C სინდრომით. გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, დღეისთვის მკურნალობს 12 ბავშვი.

იტვირთბა....