პროფესორი ოთო აბესაძე, რომელიც წარსულში “ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური სახე იყო, პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს. ოთო აბესაძე “მეტრონომთან” აცხადებს, რომ დღეს საქართველოში მწვავე კრიზისია, ამიტომ ის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება.
აბესაძის ინფორმაციით, შეიქმნება პლატფორმა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ექნება და რომელიც უამრავ გამოწვევაზე იმუშავებს.
“მე და ჩემმა მეგობრებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა, თანამოაზრეებმა მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ფაქტობრივად მისი ანალოგის არმქონე პლატფორმა, რომელიც რეალურად იმუშავებს და შექმნის მართლა საჭირო “სქილებს”, რომელიც გამოადგება ქვეყანას. ხოლო, რატომ ახლა, იმიტომ, რომ ახლა დადგა ის საკითხი, როდესაც რეალური გარდამტეხი ცვლილებების პერიოდი უნდა დადგეს და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს,” – აცხადებს აბესაძე.
აბესაძის თქმით, პლატროფრმის ამუშავების პროცესში ჩართული იქნება უამრავი ახალგაზრდა, მათ შორის მისი სტუდენტები, საერთაშორისო პარტნიორები, თანამოაზრეები, რომლებიც უკეთესი მომავლის შექმნაზე იზრუნებენ.
ამასთან, როგორც აბესაძე განმარტავს, ახალგაზრდული გაერთიანება ითანამშრომლებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლებთანაც ქვეყნის განვითარების პროცესში საჭირო საკითხებზე თანხვედრა ექნება.
“პლატფორმა იქნება დამოუკიდებელი, ძალიან მძლავრი და სხვადასხვა ფორმატში იქნება თანამშრომლობა ბევრ პარტიასთან, რომელთანაც გვაქვს მსგავსი შეხედულება ეკონომიკაზე, სოციალურ პაკეტებზე, განვითარებაზე ზოგადად,”- აღნიშნავს აბესაძე “მეტრონომთან.”
აბესაძე საუბრისას აკონკრეტებს, რომ ის არ გეგემავს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას, ანდა “ქართულ ოცნებაში” დაბრუნებას.
“მე არ ვცდილობ მოვბრუნდე ოცნებაში. მე ვამბობ იმას, რომ საქართველოს მომავალი არის აუცილებელი კოალიციური ხელისუფლება, როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელ დონეზე. ეს გარდაუვალი რეალობაა და შესაბამისად, ამ რეალობის პირობებში აბსოლუტურად ყველა პარტიას მოუწევს ერთმანეთთან საუბარი და თანამშრომლობა. თუ გვინდა 21-ე საუკუნის პოლიტიკა, აქ ყველა ერთმანეთს ელაპარაკება”, – აცხადებს თარ აბესაძე.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული პლატფორმა მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს, აბესაძე ამას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ თუ პლატფორმაზე მყოფი ადამიანთა გარკვეული რაოდენობა გადაწყვეტს, რომ თავიანთი ხედვები თარგმნონ პოლიტიკაში, ასეც მოხდება.
შეგახსენებთ, ოთო აბესაძე წარსულში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. 2018 წელს აბესაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა.
ავტორი: თათია შაიშმელაშვილი