“ქართული ოცნების” წარსულში ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური ფიგურა ოთო აბესაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ქრთამის აღების ბრალდებით, მმართველმა პარტიამ ციხეში გაუშვა და მოგვიანებით იგი სასამართლომ გაამართლა, აცხადებს რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.
ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“2018 წლის 15 იანვარს, ზუსტად 3 წლის წინ 6 თვიანი პატიმრობის შემდეგ დავტოვე საპატიმრო დაწესებულება და დავუბრუნდი ჩემს ოჯახს.
გავიარე სრული ჯოჯოხეთი, უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით და კატასტროფული გარეშე ფაქტორებით სრულიად მარტოს მიწევდა მტკიცება სისტემის წინააღმდეგ, რომ არ ვარ მექრთამე და კორუმპირებული.
როგორც აღმოჩნდა “საბედნიეროდ” საქართველოში 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე სამაგალითოდ დასჯილი და “მთავარი კორუმპირებული” ვყოფილვარ მე.
კი, ნამდვილად ჩემი ბრალია და ნამდვილად დამნაშავე ვარ იმაში, რომ წამოვეგე ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ენით აღუწერელ პროვოკაციას. პატარა ვიყავი და არ მქონდა სიბოროტეების გამოცდილება.
2019 წლის 10 ივლისს დასრულდა ეს ჯოჯოხეთი, სადაც სასამართლოზე დადგინდა, რომ არ აღმოვჩნდი მექრთამე.
ეს პერიოდი ვცხოვრობდი “ჩაკეტილი” ცხოვრების წესით და ვეწეოდი მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობას. გირაოს ქვეშ მყოფმა შევძელი და ჩემი წილი საქართველო ევროპის უნივერსიტეტების აუდიტორიების გავლით შევიყვანე ევროკავშირში.
ევროპის ორი უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და მკვლევარი გავხდი.
ვაკეთებდი და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. აუდიტორია და სტუდენტები ეს ჩემთვის ცალკე განზომილებაა. მე ჩემმა სტუდენტებმა ბევრად უკეთესად მაქციეს.
გავხდი არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და ამით კიდევ უფრო გავიტანე ჩემი ქვეყნის სახელი საქართვრლოს ფარგლებს გარეთ.
არასოდეს დამავიწყდება ერთი გადამწყვეტი დეტალი, როდესაც ჩემს მეუღლეს საპატიმროდან დავურეკე და მან მითხრა, რომ ჩემს გასათავისუფლებლად პეტიცია შედგა, რომელსაც 10 000 – მა ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს იმ სრულ უიმედობაში გვირაბის ბოლოს სინათლეს გავდა.
უამრავი ადამიანი იდგა ჩემი ოჯახის გვერდით და ვფიქრობ, რომ დროა “ვალის დაბრუნების.”
გადავწყვიტე დავუბრუნდე საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრების წესს. დღეს საქართველოში არსებული რეალობა იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური და ა.შ. არის მწვავე კრიზისში და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ვაპირებ ვიყო ძალიან აქტიური და ძალიან კრიტიკული მოქალაქე.
მინდა ჩემი კომპეტენცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მოხმარდეს საქართველოს.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში ძალაუფლება აღარასოდეს კონცენტრირდეს მცირე ჯგუფების ხელში, რადგან აღარასოდეს განმეორდეს პოლიტიკური ტერორი და რეპრესიები, ჩემსავით 26 წლის ადამიანებს არ მოუწყონ სიბოროტე და იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მეტად უნდა განვითარდეს არ გამოკეტავენ ციხეში.
მინდა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებმა მიიღონ კვალიფიციური განათლება და შექმნან ეკონომიკა.
გავაკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემსავით ვიწრო პირადი ინტერესით და საჩვენებლად დასჯა კიარა, რეალურად აღმოიფხვრას კორუფცია.
სამწუხაროდ ბევრი ადამიანი მახსოვს 2012 წელს მისი ეკონომიკური მდგომარეობით და დღეს მილიონერის სტატუსს ატარებენ.
საქართველოს მომავალი არის ევროკავშირი და ვინც ამ კურსის არევას შეეცდება მას პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია.
საქართველოს მომავალი ეს არის მრავალპარტიული დემოკრატია, ეს არის კოალიციური მთავრობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე და ეს “მისია” შესასრულებელია.
ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვაცნობიერებ რისკებს და მიღირს ეს “თავის ტკივილი” რადგან ვფიქრობ, რომ შემიძლია ქვეყნისთვის პოზიტიური ცვლილებების მოტანა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად.
ძალიან ბევრ და ძალიან საინტერესო ადამიანთან ერთად ვაპირებ მასშტაბურ რეფორმებზე მუშაობას.
შეიქმნება აბსოლუტურად ახალი, მსოფლიოში ანალოგის არმქონე პლატფორმა, სადაც იქნება უამრავი ახალგაზრდა და შექმნის მომავალს.
დავასრულებ იმით, რომ ვარ და ვიქნები ყოველთვის გულწრფელი. მე და ჩემმა ოჯახმა დავწერეთ ისტორია იმის, თუ რა ძალა აქვს სიყვარულს და როგორ უნდა ცხოვრების თავიდან დაწყება. ეხლა ძალიან მჭირდება თქვენი თანადგომა, რათა მაქსიმალურად მოვახდინო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ესეთი თანადგომისთვის” – წერს ოთო აბესაძე.