“ხუმრობა შეიძლება ყველაფერზე. ღმერთია, პატრიარქი, ქრისტე, იაჰვე, თუ ალლაჰი – ყველაფერზე შეიძლება ხუმრობა საქართველოში და ყოველთვის შესაძლებელი იქნება. შეიძლება ეს იყოს ცუდი ხარისხის ხუმრობა, შეიძლება ცუდი, ან ჩაგრული უმცირესობის მასტიგმატიზებელი იუმორის გამო ადამიანი გაიკიცხოს. მაგრამ სენსიტიური საკითხით და სხვების რელიგიური გრძნობებით პოლიტიკური სპეკულაცია, გნებავს პატრიარქი იყოს, ან გნებავთ ალლაჰი, ჩემთვის მიუღებელია. (“ბიძინა პატრიარქს ლანძღავდა”, “გვარამიამ ალლაჰი შეურაცხყო”). ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, გვარამიას ხუმრობა არაფერ მასტიგმატიზებელს არ შეიცავდა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა.”
თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დამფუზნებელი და მთავარი რედაქტორი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილი აღნიშნული პოსტით “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ – “სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით პანკისში მუსლიმობის გამო ადამიანებს ტერორისტების იარლიყებს რომ აწებებდნენ?”
მოგვიანებით, კი “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დასძენს, რომ მას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ედავებიან.