შესაძლებელია მას ბრალდება წარედგინოს საქართველოს კანონის მიხედვითაც…
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს პირველი ცოლი ინგა პავლოვა სასამართლოში უჩივის. პავლოვას მტკიცებით, ივანიშვილმა სხვა ქალბატონის დახმარებით გააყალბა განქორწინების დოკუმენტი. პავლოვას ფრანგი ადვოკატის, გრეგუარ რანკურის თქმით, მისი კლიენტი გაოგნებული დარჩა, როდესაც სასამართლოდან დოკუმენტები გამოითხოვა სადაც ეწერა, რომ ივანიშვილთან ქონების გაყოფაზე უარს აცხადებდა.
პავლოვა You Tube-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ივანიშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს..
“ჩვენ დავქორწინდით პარიზში 1991 წელს და დავშორდით 1994 წელს. განქორწინებიდან დიდი ხნის განმავლობაში, არაფერი მსმენია ყოფილ ქმარზე, მაგრამ ერთხელაც 2011 წელს ტელევიზორში დავინახე, როდესაც თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადა. ეს, ჩემთვის და ყველასთვის სენსაცია იყო, რადგან ის ძალიან იშვიათად აძლევდა კომენტარებს. 2012 წელს Youtube-ზე ვნახე მისი საარჩევნო რგოლი, სადაც მისი სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ცოლი, ან შეიძლება ოფიციალური ცოლი ეკა ხვედელიძე ყვება, როგორ გაიცნო ჩემი ყოფილი მეუღლე და როგორც დაქორწინდნენ 1991 წლის 18 ოქტომბერს საქართველოში. ეს უცნაურად მომეჩვენა, რადგან 1991 წლის 25 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი ჩემზე დაქორწინდა პარიზში. გამოდის, 1991 წელს ბიძინა ივანიშვილი ერთდროულად ორ ქალზე დაქორწინდა – პარიზში და საქართველოში, ან კიდევ ეკა ხვედელიძე არ არის გათხოვილი. თუ ბიძინა ივანიშვილი მართლა დაქორწინდა ორ ქალზე, ის ორცოლიანი გამოდის,” – ამბობს ინგა პავლოვა ვიდეოში.
რა შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ივანიშვილს თუ საფრანგეთის სასამართლომ დააკმაყოფილა პავლოვას სარჩელი და აქვს თუ არა პავლოვას უფლება მოითხოვოს მილიარდერისგან ქონების გაყოფა?
„მეტრონომთან“ ამ საკითზე ადვოკატებმა ზაზა ბიბილაშვილმა და შალვა შავგულიძემ ისაუბრეს.
„ეს არის საფრანგეთის კანონმდებლობით დადგენილი და რეგულირებული საკითხები. ეს გამოძიებაც საფრანგეთში მიმდინარეობს და თუ ბრალი დაუმტკიცდა, მანამდე ბევრი ეტაპია გასავლელი, ეს დარეგულირდება ფრანგული კანონებით.“-ამბობს ბიბილაშვილი.
მისი თქმით, თუ ფრანგული სასამართლო გადაწყვეტს ივანიშვილის მოწმის სახით დაკითხვას, მაშინ ქართული კანონმდებლობის მსგავსად, საფრანგეთშიც სასამართლოს უფლება აქვს უზრუნველყოს მოწმის მოყვანა დასაკითხად.
პავლოვას ადვოკატის მტკიცებით, დოკუმენტების გაყალბების საქმეზე ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ჩვენების მიცემა ფრანგი სამართალდამცველებისთვის, უარის შემთხვევაში კი მასზე საერთაშორისო ძიება გამოცხადდება.
როგორც ვიცით, ივანიშვილმა ამჟამინდელ მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეზე გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში იქორწინა. საქართველოში შესაბამის ორგანოებს უნდა გადაემოწმებინათ ივანიშვილის ოჯახური მდგომარეობა და შემდეგ ისე გაეცათ დაოჯახების უფლება. ბიბლაშვილი მიიჩნევს, რომ 90-იანი წლების საქართველოში არ არსებობდა გადამოწმების ის მექანიზმები, რაც დღეს არსებობს.
„თუ ქმედება დადასტურებული იქნება გამოძიების მიერ, რომ მას ჩადენილი აქვს რაღაც დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დანაშაულებრივად ითვლება საქართველოს კანონმდებლობითაც, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მას ბრალდება წარედგინოს საქართველოს კანონის მიხედვითაც და ეს მოხდეს საქართველოში“.-აცხადებს ადვოკატი შალვა შავგულიძე.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს შორეული პერსპექტივაა.
„ჯერ უნდა გამოიკვეთოს ქმედება, ის მასალები უნდა შეფასდეს აქაური კანონის თვალსაზრისით და შემდეგ საქართველოს პროკურატურამ უნდა ჩათვალოს, რომ იქ ჩადენილი ქმედება საქართველოს მოქალაქის მიერ არის ისეთი ქმედება, რომელიც შეესაბამება ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის რომელიღაც მუხლს და მერე წარუდგინოს ბრალდება საქართველოს კანონმდებლობით“.
პავლოვას ადვოკატის განცხადებით კი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ივანიშვილს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მარიამ ვარადაშვილი