ექსპერტი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე პოლიტიკიდან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ პოსტ საბჭოთა ქვეყნები, პოლიტიკოსების თავისით წასვლას მიჩვეული არ არიან. მისი თქმით, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მმართველი გუნდის ოპონენტები არ დაიჯერებენ და სპეკულაციები იქნება. როგორც ექსპერტი აცხადებს, ახალი საპარლამენტო ციკლი დაიწყო და კარგი დროა პოლიტიკური ველის განახლებებისთვის.
„არ ვართ მიჩვეული, არც ჩვენ, არც პოსტსაბჭოთა ქვეყნები, პოლიტიკოსების მიერ პოლიტიკიდან თავისით წასვლას მაშინ, როცა სრულ ძალაუფლებას ფლობენ. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ოპონენტები არ დაიჯერებენ და იქნება სპეკულაციები. ვინც დაიჯერებს, ისინიც ისპეკულირებენ, რადგან ჩვენთან ხომ იაფფასიანი პოლიტიკური ოპონირებაა?!
განა საქმის, საკითხის ირგვლივ მსჯელობასა და ოპონირებაში ეჭიდებიან ერთმანეთს?! წლებს ვხარჯავთ და ვკარგავთ მდარე კინკლაობაზე, შეურაცხყოფებზე. ახლაც გაგრძელდება…
დიდი ხანია მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს განახლებისკენ. აბა თუ შეძლებენ „ქართული ოცნების“ ოპონენტები გადადგან მსგავსი ნაბიჯები და პოლიტიკას განარიდონ ხალხისთვის მიუღებელი პირები, რის გამოც 8 წელია აგებენ არჩევნებს?!
ჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს საშუალება ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, ან წასულიყო თუნდაც რიგით დეპუტატად, როგორც ბევრი ილტვის, ან კენჭი ეყარა პრეზიდენტად? რა თქმა უნდა ჰქონდა, თუმცა სხვა გზა არჩია.
წერილში ასაკიცაა მინიშნებული, 65 უსრულდება. ალბათ ესეც არის მიზეზი. ხომ აქვს უფლება გარკვეული წლები მშვიდად გაატაროს?!
არჩევნები აღიარებულია საერთაშორისო მისიების და მოსახლეობის მიერ. ამბოხებები და აჯანყებები გადავიდა მოდიდან. ახალი საპარლამენტო ციკლი დაიწყო. კარგი დროა პოლიტიკური ველის განახლებებისთვის.
ასევე კარგი დროა ახალმა, ბარიერგადალახულმა პარტიებმა შეაფასონ დაფინანსების გარეშე რა სიტუაციაში აღმოჩნდებიან ამ წლებში, როგორ მოემზადებიან მორიგი არჩევნებისთვის. ახლა უნდა იფიქროთ მომავალ არჩევნებზე, რადგან, დიდი ალბათობით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა დადგება. უნდა გამოხვიდეთ სხვისი გავლენებიდან.
ასევე ახლახან დავწერე, რადგან ოპოზიციას არ სურს ოპონირება, ახალი პლატფორმის შექმნის აუცილებლობა დადგა, რომელიც მმართველ პარტიას ოპონირებას გაუწევს მეთქი. ეს ისევ აქტუალურია.
რაც არ უნდა ილაპარაკონ მისმა ოპონენტებმა, ფაქტია რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, როგორც მატერიალურად, ასევე პოლიტიკისთვის. ქველმოქმედებაზე არ გავჩერდები, ვისაც თვალები აქვს, დაინახავს.
პოლიტიკას რაც შეეხება, იმ მუხტის პირობებში, რომელიც მოსახლეობაში წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო დაგროვილი, ჩვენ ახლოს ვიყავით სამოქალაქო დაპირისპირებასთან. პროცესები კი ისე განვითარდა, როგორც ამ წლებში ვიხილეთ. პლუსია ეს თუ მინუსი, თავად შეაფასეთ.
არის თუ არა შექმნილი გარემო იმისათვის, რომ გავაგრძელოთ შემდგომი განვითარება? არის“, – განაცხადა სალუქვაძემ.
ცნობისათვის, მმართველმა გუნდმა დღეს ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ივანიშვილი ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.