ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციები პირველ თებერვლამდე გაგრძელდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განცახადა.
როგორც თურნავამ განაცხადა, ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია იქნება ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა პირველი თებერვლიდან განახლებული მუშაობა ბევრად უსაფრთხო იყოს.
„ჩვენი ჯანდაცვის სექტორსა და ზოგადად, მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი. ასევე, ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და მთელი რიგი ევროპული სახელმწიფო ამკაცრებს ამ დღეებში თავის რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევირანჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანა არის, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ეს ორი- სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული“ – განაცხადა თურნავამ.
ცნობისათვის, ქვეყანაში 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები ძალაში 16 იანვრამდე იყო. 18 იანვრიდან იგეგმებოდა ბაზრობების და ტრანპორტის გახსნა, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა.