ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ ძაფების ჩაჭრა ან გადაბარება საკმაოდ გრძელი და მტკივნეული პროცესია”- ხუხაშვილი პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლაზე

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილის განცხადებით, როდესაც ბიძნა ივანიშვილი პოლიტიკური კრიზისის პიკზე მიდის პოლიტიკიდა, ეს გაქცევას უფრო ჰგავს. ასე ეხმაურება ანალიტიკოსი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, პოლიტიკიდან წასვლის არგუმენტები, რაც ბიძნა ივანიშვილმა დაასახელა, საკმაოდ არადამაჯერებლია.

„ყალბი მეორედ წასვლაც თუ დაემატა ამას, არ გვინდა. ამიტომ, მისი წასვლის შესახებ დადასტურება რეალურ ქმედებებში უნდა მივიღოთ. ის, რომ მისთვის გამარჯვება და პოლიტიკიდან გამარჯვებულად გასვლის იმიტირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გასაგებია. მისი არგუმენტები საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება, იმიტომ, რომ რა მდგომარეობაშიც დღეს ქვეყანა არის, გამარჯვებაზე სრულიადაც არ მეტყველებს. უზარმაზარი პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით, ვითარება დეგრადირებულია და წინსვლა კი არ არის, პირიქით, უკუსვლა გვაქვს, როგორც საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაში.

აქედან გამომდინარე საუბარი გამარჯვებაზე ძნელია, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოებრივ პრობლემებს გვირგვინად ადგას სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და როდესაც შენ პოლიტიკური კრიზისის პიკზე გადიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას,”- აცხადებს ხუხაშვილი.

ხუხაშვილის თქმით, პოლიტიკიდან წასვლა ასე მარტივი არ არის და ამას ხანგრძლივი და მტკინვეული პროცესი სჭირდება.

ხოლო, პოლიტიკიდანნ წასვლის პირველი ნიშანი, როგორც ანალიტიკოსი ამბობს, მისი გუნდის დამოუკიდებლად მუშაობა იქნებოდა.

“არ ვიცი, გასვლა ასე ადვილი არ არის. შეიძლება, უნდა კიდევაც გასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ყველა სახელისუფლებო ძაფი მასთან მიდის. ამ ძაფების ჩაჭრა ან გადაბარება საკმაოდ გრძელი და მტკივნეული პროცესია. პირველი ინდიკატორი იმისა, რომ იგი ნამდვილად მიდის პოლიტიკიდან, მარტივი რაღაც იქნებოდა – მაგალითად, პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცეს, საკუთარი გუნდი დააკომპლექტოს. ბიძინა ივანიშვილის გუნდი კი არ ჰყავდეს ჩასმული მინისტრთა კაბინეტში… გახარიას ერთი მინისტრი არ დაანიშნინეს, მთლიანად ბიძინა ივანიშვილის გუნდია. გარდა ამისა, ფინანსური ნაკადები და ძალოვანი სისტემა მისი კონტროლის ქვეშ არის. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ გახარიას კაბინეტზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრი კი არ აწერია, არამედ ის, რომ იგი რეალური ხელისუფალია. თუ ჩვენ ამას დავინახავთ ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.

არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაინიშნება.

იტვირთბა....