ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე ბრალდებულ 35 წლის კ.წ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი წარედგინა. – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავცელებს.
უწყების ცნობით, მამის მკვლელობაშ ბრალდებული პირი ქუთაისის რეგიონული მედიცინის ცენტრში ბადრაგის მეთველყურეობის ქვეშ რჩება.
„მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 35 წლის კ. წ. – მ, მამას – 1958 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შსს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს, ჩხოროწყუს, სოფელ ლეწურწუმეში შვილმა მამა მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.