“დაახლოებით 1500-ია რიცხვი პატიმრებისა, რომლებსაც უშუალოდ შეეხებათ ამნისტია,” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შეჯერებულ ვერსიას, რომელიც გამოქვეყნებულია.
„არის შეჯერებული ვერსია, რომელთა დაკავშირებითაც არსებობს მზადყოფნა, რომ ის გაზიარებულ იქნას პარლამენტის მხრიდან და იქცეს კანონად. დაახლოებით 1 500-ია რიცხვი პატიმრებისა, რომლებსაც უშუალოდ შეეხება ეს ამნისტია, დაახლოებით 6 000 პრობაციონერის სტატუს შეცვლის ეს და ასევე 4 000 ადამიანი, რომელსაც დაკისრებული აქვს 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სასამართლოს განაჩენებით შესაბამისი ჯარიმები, ეს ჯარიმებიც ამნისტირებას ექვემდებარება.
80-ზე მეტია მუხლების რაოდენობა, რასაც კანონი ითვალისწინებს. გარკვეულ შემთხვევაში, იქ, სადაც მხოლოდ პირველ ნაწილებზე გვქონდა აქცენტი აღებული და ამას ითვალისწინებდა კანონპროეტი, დაემატა ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგიერთი დამამძიმებელი გარემოებით მომდევნო ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები, უპირატესად იქ, სადაც დამამძიმებელ გარემოებას რამე ძალადობრივი აქტი არ წარმოადგენდა, არამედ იყო მაგალითად ოდენობა განმსაზღვრელი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების პირობით იქნა დაშვებული გარკვეული გაფართოების შესაძლებლობა ამნისტიისთვის.
ძალიან მნიშნველოვანია, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს კანონით განსაზღვრული შეღავათები კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ამიტომ გავითვალისწინეთ კონკრეტული პერიოდი, რომელის განმავლობაშიც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო ვალდებული იქნებიან, განიხილონ ეს საკითხი, შესაბამისად, კონკრეტული კუთვნილი შეღავათით სარგებლობა მიანიჭონ იმ კონკრეტულ პირებს, ვისაც შეეხება ამნისტია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.