დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, 12-14 იანვარს გამოჩნდება, როგორ დაიცვეს მოქალააქეებმა რეკომენდაციები ახალ წელს. ამის შესახებ იმნაძემ „დილის შოუში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ვირუსის გავრცელება აშკარად შემცირებულია და დადებითი დინამიკა აღინიშნება.
„ეპიდვითარების გარკვეული სტაბილიზაცია ნამდვილად ფიქსირდება. იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, გუშინ 18 000-ზე მეტი ადამიანი გაიტესტა და მხოლოდ 2 000 დადებითი პასუხი მივიღეთ. ესეც მიგვანიშნებს, რომ ვირუსის გავრცელება აშკარად შემცირებულია, თუმცა ყოველდღიურად 1500-2000 შემთხვევა მაინც ბევრია. როგორ გავატარეთ დღესასწაულები და ვიცავდით თუ არა რეგულაციებს, უფრო ზუსტად 12-14 იანვარს გამოჩნდება. ამ დღეებში დაფიქსირებული მიმართვიანობა და ინფიცირებულთა რიცხვი გვაჩვენებს, როგორი იქნება პროგნოზები“, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსისგან 529 ადამიანი გამოჯანმრთელდა.