ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“დონალდ ტრამპის Facebook და Instagram გვერდებს მინიმუმ ორი კვირით დავბლოკავ” – მარკ ცუკერბერგი

Facebook-ის დამფუძნებელის, მარკ ცუკერბერგის განცხდებით, დონალდ ტრამპის “ფეისბუკს” და “ინსტაგრამ” გვერდებს მინიმუმ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაბლოკავს.

ცუკერბერგი ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები ისედაც მძიმე პოლიტიკურ ვითარებას დამატებით ამწვავებს.

“კონგრესის მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცების შემდეგ, მთელი ქვეყნის პრიორიტეტი ინაუგურაციამდე დარჩენილი 13 დღის მშვიდობიანად და დემოკრატიული ნორმების დაცვით გატარება უნდა იყოს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს მივეცით საშუალება, რომ გამოეყენებინა Facebook-ის პლატფორმა იმ წესების შესაბამისად, რომლებიც Facebook-ის მიერ არის დადგენილი. შესაბამისად, ჩვენ პერიოდულად ვშლიდით მის პოსტებს, რომლებიც ჩვენს წესებს არღვევდნენ. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება პოლიტიკური გამოხატვის მაქსიმალურად ფართო სპექტრზე ჰქონდეს წვდომა, მათ შორის ისეთ გამოხატვაზეც, რომელიც შეიძლება კონტროვერსიული იყოს.

თუმცა, ამჟამად არსებული კონტექსტი ფუნდამენტურად განსხვავებულია, ხოლო ჩვენი პლატფორმა კი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ ძალადობრივი მოწოდებების სივრცედ შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ჩვენი შეხედულებით არსებულ ვითარებაში აშშ-ის პრეზიდენტისთვის ჩვენი პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობის მიცემა ძალიან დიდ რისკებს შეიცავს. შესაბამისად, გავახანგრძლივებთ მისი Facebook-ის და Intagram-ის გვერდების ბლოკს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, იქამდე, სანამ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება არ დასრულდება,”- წერს მარკ ცუკერბერგი.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა. მომხდარის შემდეგ შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა.
ცნობისთვის, კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.
იტვირთბა....