პოლიტოლოგი, გია ნოდია სოციალური ქსელის საშუალებით ვაშინგტონის კაპიტოლიუმზე მოქალაქეების შტურმსა და განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ნოდიას შეფასებით, არჩევნებს, როგორც წესი, მოყვება არეულობა ან არეულობის შიში. მსგავს სცენარს კი დღეს აშშ-ი განვითარებული არეულობითაც ვხედავთ.
“ამერიკის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ დასავლელ მეგობრებს ხანდახან ვეუბნები: ჩვენ კი არ ვემსგავსებით მათ (ანუ დემოკრატიის იდეალურ მოდელს, რომელსაც დასავლეთი განასახიერებს), პირიქით, ისინი გვემსგავსებიან ჩვენ. (ამაზე უხერხულად იცინიან ხოლმე).
წლების განმავლობაში მივიჩნევდი, რომ საქართველოს დემოკრატიის არშემდგარობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანი ისაა, რომ წაგებული მხარე, როგორც წესი, არჩევნების შედეგს არ აღიარებს და მათ გაყალბებულად აცხადებს (რამდენად სამართლიანია მისი პრეტენზიები, სხვა საკითხია – თვით ტენდენციაა მთავარი). ამიტომ არჩევნებს, როგორც წესი, მოყვება არეულობა ან არეულობის შიში.
აგერ ბატონო, მსგავსი სცენარი ვნახეთ ამერიკაშიც. და რას მოვესწარით: სენატორი შაჰინი საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას 2012 წელს ამერიკისთვის მისაბაძ მაგალითად იყენებს.
ამერიკის უპირატესობა ჩვენთან შედარებით ჯერჯერობით ყველაზე მეტად იმაში გამოჩნდა, რომ ტრამპის მოწოდებას “ბრძოლისკენ” თვით მისი პარტიის უმრავლესობამ, მათ შორის მისმა ვიცე-პრეზიდენტმაც, არ დაუჭირეს მხარი.” – წერს ნოდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა. მომხდარის შემდეგ შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.