დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება ახლო მომავალში, ეს საახალწლო პერიოდის მობილობაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
იმნაძის თქმით, წესების არდაცვა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას გამოიწვევს.
„დღეს მოგეხსენებათ, 2000-ზე მეტი შემთხვევაა, ეს მოსალოდნელიც იყო. გასაგებია, რომ 1,2,3 იანვარს მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო და ახლა ვნახოთ, შემდეგი დღეები უფრო რეალურ სურათს დაგვანახებს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.
ისე, ტესტი ბევრი თუ ცოტა ჩატარდება, იქიდან 15%-ია დადებითობის მაჩვენებელი, რაც არ არის ცუდი. ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახთან იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია და თუ ფართო წრეები იყო ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევების მატებას გამოიწვევს 10-14 რიცხვისათვის. თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი ნაკლებია, თუ ადამიანები არ იცავენ წესებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ეკლესიაში, სუპერმარკეტში თუ მიტინგზე, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება შემთხვევების მატება, თუ წესებს დავიცავთ – კარგად იქნება ყველაფერი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 382 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.