ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დგება განახლებისა და ცვლილებების აუცილებლობის ეტაპი” – ნიკა მელია მიმართვას ავრცელებს

“დღეს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია. ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, არც იმას რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:

“მეტრონომი” ნიკა მელიას “ფეისბუქ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:

“რაც არ უნდა ორგანიზებული და შემართული იყოს პოლიტიკური ძალა, გარკვეულ ხანში, ყოველთვის დგება განახლებისა და ცვლილებების აუცილებლობის ეტაპი.

დღეს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია.

ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, არც იმას რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს.
ცვლილებების აუცილებლობას ქმნის ის გამოწვევები, რომელიც პარტიის, საერთოდ ქვეყნის წინაშეა – დასამარცხებელია და ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელია ძალა, რომელიც ქვეყანას დიდ და ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს.

ამ ძალის დასამარცხებლად არ კმარა და აშკარად გასაფართოვებელია არსებული ფრონტი. სწორედ ამიტომ აუცილებელია შემოგვიერთდეს ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, როგორც ენერგიით სავსე ახალგაზრდები, ახალი თაობა, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა. შემოგვიერთდეს ხალხი, რომელიც აქამდე თავს არიდებდა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბრძოლას, ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესებს.

ძალიან ბევრი, აქამდეც იყვნენ ჩვენ რიგებში და იბრძოდნენ კიდეც ჩვენს მხარდამხარ, მაგრამ ამიერიდან მათ მეტი გასაქანი უნდა მიეცეთ და მივცემთ კიდეც.

დიდი და მასშტაბური ფრონტი ყველას აძლევს ასპარეზს – მათაც ვინც აქამდე ჩვენთან ერთად არ იბრძოდა, მათაც ვინც ზურგს გვიმაგრებდა და ახლა მხარდამხარ იბრძოლებს და მათაც, ვინც აქამდე წინა ხაზზე იდგა.

ახლა ყველა ერთად და მხარდამხარ ვიბრძოლებთ ერთიანი მიზნისთვის.

ჩვენ არ გვინდა ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება, ჩვენ გვინდა ჯამის შეცვლა და შესაბამისად – შესაკრებთა შეკრება და არა შესაკრებთა გადაადგილება.

ძალა ერთობაშია

ძალა საკუთარი ძალების რწმენაშია”, – წერს ნიკა მელია.

იტვირთბა....