ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დავით ზილფიმიანის პარლამენტში შესვლის გაადწყვეტილებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
„ანუ შუბლის ძარღვი არ არსებობს და უტიფრობას საზღვარი არ აქვს? ტიპი ამბობს პოლიტიკოსი არ ვარო და ამ დროს პარლამენტის წევრი ხდება. სავაჭრო- სამრეწველო პალატა კი არ არის – პარლამენტია.
თავად პარლამენტს – სრულ შემადგენლობას ვგულისხმობ – უხერხულობის გრძნობა არ უჩნდება?
პოლიტიკური ორგანოს რომელ კომიტეტში შეიყვანთ ადამიანს, რომელიც ამბობს – არ ვარ პოლიტიკოსიო, რომელ დელეგაციას დაახვედრებთ?
ამ არაპოლიტიკოსი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება – მიცემული ხმა – ლეგიტიმურია?
და ყველაზე მთავარი, ამ წუთასვე ხომ არ უნდა დაიწყოს სუს-მა გამოძიება ბატონი ზიმფალიანის (მგონი გვარი სწორად დავწერე) განცხადებაზე – მე სხვა ინტერესები მაქვსო.
უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში გარდა პოლიტიკური საქმიანობისა, რა ინტერესი აქვს ამ ბატონს? მართლა ცეხი ხომ არ არის – პარლამენტია და ამ ყველაფერს რატომ უნდა ვიყუროთ ჩვენ – მოქალაქეებმა მშვიდად? იმას თუ ხვდება ვინმე, როგორი დისკრედიტაციაა ეს განცხადება თავად საკანონმდებლო ორგანოსი?
რას ქვია ხალხო – სხვა ინტერესი. მისი პირადი ვნებების დასაკმაყოფილებლად უნდა ვიხადოთ ჩვენ გადასახადი?“ – წერს გოჩა მირცხულავა.
ცნობისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პატრიოტთა ალიანსის გაუქმებულ საარჩევნო სიაში არ არიან გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი. არ არის გამორიცხული, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპით, სწორედ მათ დაიკავონ ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები.
შეგახსენებთ, ზილფიმიანმა ღია წერილიც გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას აპირებს.