ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მინდა ნაწილობრივ დავადასტურო ეს ამბავი”- ელისაშვილი “ოცნებასთან” ფარულ მოლაპარაკებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მმართველ გუნდთან ფარულ მოლაპარაკებას მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ალეკო ელისაშვილი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მის პოზიციას და აცხადებს, რომ მთავარი საარჩევნო რეფორმის გატარებაა, რათა ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.

“მეტრონომი” ალეკო ელისაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია თითქოს ჩვენი პარტია ფარულ მოლაპარაკებებს მართავს ქართულ ოცნებასთან რიგგარეშე არჩევნების სავარაუდო დანიშვნის პირობებთან დაკავშირებით.

მინდა ნაწილობრივ დავადასტურო ეს ამბავი! წუხელ, აჭარის ტელევიზიასთან ჩართვის შემდეგ ოფისიდან წავედი სახლში. ეგრე 10 საათი იქნებოდა. სახლში ვიყავით მე, ჩემი ცოლი ირინა, შვილი სანდრო და სპანიელი რემბო. დაახოებით ერთ საათში უაღრესად ფარულ და საიდუმლო ვითარებაში გვესტუმრა კარის მეზობელი და იმავდროულად ცოლისდა თამთა. საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიხილავდით მიმდინარე პოლიტიკურ და საყოფაცხოვრებო საკითხებს. საახალწლო სამზადისსაც კი შევეხეთ საუბრის დროს. მალევე თამთა ბავშვების დასაძინებლად გადავიდა სახლში, რა თქმა უნდა ისევ უაღრესად ფარულ ვითარებაში. @Tamta kilosanidze ხომ გითხარი გაგშიფრავენ თქო?

ისე კი ძვირფასო მედიის და ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებო – ლოგიკას მაინც გაყევით: ხმამაღლა და მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება კარგია, არ ვართ წინააღმდეგები. მაგრამ თუ არ დაინიშნება არც მაგაზე მოვიკლავთ თავებს.

ჩვენთვის მთავარი არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება. ჰოდა, აქედან გამომდინარე ლოგიკა გეუბნებათ რომ ჩვენი და ქართული ოცნების ფარული მოლაპარაკებების საფუძველიც კი არ არსებობს. კი ვერ დაგიშლით არარსებული სკანდალის დეტალების დაზუსტებას, თქვენი საქმისა თქვენ იცით. უბრალოდ ამაოდ დაიღლებით და ეგაა”,- წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....