ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული და ძებნილის მამა ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
როგორც ესებუა ამბობს, მას აქვს შიშ, რომ ბადრის მოკლავენ.
“ვინც ტელევიზიით აჩვენეს, ის არაა ჩემი შვილი, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. თავდამსხმელს არც ბადრის თვალები ჰქონდა, არც სიმაღლე და არც მანერები… ჩემი აზრით, ბადრი იმიტომ არ ჩნდება, ეშინია, რომ მოკლავენ. მეც ძალიან მეშინია, მისი დაკავების მომენტში არ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. არ მინდა შვილი მომიკლან, ისედაც განადგურებული ვართ მთელი ოჯახი. ნაინფაქტარი კაცი ვარ და მას მერე ძლივს მიდგას სული. დედამისს ნერვიულობის ფონზე ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, ლაპარაკიც უჭირს…
ისიც არ ვიცით, ცოცხალია, თუ მკვდარი ჩვენი შვილი. ცოცხალი თუა, მეშინია აყვანის დროს არ მოკლან. ამაზე ფიქრით გავნადგურდით ორივენი… ჩვენ არც ისე გვიჭირდა, არც ისეთი ღარიბები ვართ, ფულის გამო ბადრი ამხელა რისკზე და დანაშაულზე წასულიყო, ამას ვერაფრით ვიჯერებ,”-განაცხადა ტარიელ ესებუამ “ამბები.ჯი”-ს.
ტარიელ ესებუას თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, სად შეიძლება იმალებოდეს მისი შვილი და არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ის ცოცხალიც აღარ იყოს.
“არ ვიცი, საქართველოშია თუ არა ჩემი შვილი. იმასაც ვფიქრობ, შეიძლება ცოცხალიც აღარაა… 26-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი ბადრი ესებუა იყო და მას მერეა, რაც იმალება. ბადრი დეიდაშვილთან იყო მისული. ტელევიზიით რომ გავრცელდა ბადრის სახელი, ეს მასზე ადრე ბიძინამ გაიგო და როცა მასთან მივიდა, უთხრა ძმას, ასეა საქმეო. მერე ბადრიმ ძმას გასაღები გამოართვა, ბიძინა დეიდაშვილთან დატოვა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ისე, რომ არაფერი დაუბარებია. ბიძინას ამის მეტი ძმასთან შეხება არ ჰქონია. მერე ის მანქანა ისეთ ადგილას გაჭედილა, ბადრიმ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ფეხით წასულა. მას მერე იკარგება ბადრის გზა-კვალი და ბიძინას და არც არავის მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. არ მინდა, ჩემი შვილი მოკლან… მინდა, ყველაფერი გაირკვეს, სიმართლე დადგინდეს, მეტი არაფერი, თორემ შეიძლება ამ სიტუაციას მთელი ოჯახი ვემსხვერპლოთ,”- აცხადებს ესებუა.
ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულს ბადრი ესებუას ძალოვანი სტრუქტურა ამ დრომდე ეძებს, თუმცა მის კვალს ვერ მიადგენს.
ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.