ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიცოდით, რომ არჩევნების შემდეგ, ელენე ხოშტარია დამოუკიდებელ აქტივობას აპირებდა” – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არ არის პარტია “ევროპული საქართველოდან” გადინების პროცესი, როგორც ეს ზოგიერთს სურს გამოაჩინოს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარტიის წევრებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ და ეს მათთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

“პირველ რიგში მინდა დავუდასტურო, ჩვენი როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე პირადი მეგობრობა ელენე ხოშტარიას, რომელიც იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ჩვენ უკვე ვიცოდით დიდი ხნის მანძილზე, რომ მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ამ პოლიტიკური ციკლის ანუ ამ არჩევნების დასრულების შემდეგ ის ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე, როგორც არ უნდა დასრულებულიყო არჩევნები. ჩვენთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა და არც სიახლე ყოფილა, ეს იყო ის, რაზე წინასწარ პარტიის შიგნით ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ მას ახალ გზაზე და ვფიქრობ, რომ მიზანი გვაქვს საერთო, მიზანი არის ამ ქვეყანაში განვითარება, წინსვლა და ნორმალური დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება. ეს ნამდვილად არ არის პარტია “ევროპული საქართველოდან” გადინების პროცესი, როგორც ეს ზოგიერთს სურს გამოაჩინოს, დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით ჩვენ, რომ არჩევნების შემდეგ ელენე აპირებდა დამოუკიდებელ აქტივობას და უფრო მეტი აქცენტის გაკეთებას სამოქალაქო აქტივიზმზე, ამიტომ არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. ვიმეორებ ელენე რჩება ჩვენს მეგობრად, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად და კოორდინირებულად მუშაობას როგორც ოპოზიცია და ჩვენი პოზიციები არ შეცვლილა. პარტიას გააჩნია საკუთარი მუშაობის სტრუქტურა და სპეციფიკა და პარტია ყოველთვის შეზღუდულია გარკვეულ სამოქალაქო აქტივიზმის და პარტიის მიზნები და მოქმედების საშუალებები ძალიან ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებულია, მისთვის უფრო მისაღები გახდა თავისუფალი და არაპარტიული აქტივობა, სადაც იქნება ხელებგახსნილი ყველა იმ აქტივიზმისთვის, რასაც სამოქალაქო აქტიურობა და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ჩატარებული აქციები ითვალისწინებს. ჩვენთან ამ საკითხს არანაირი უთანხმოება არ გამოუწვევია და ყველა ბინძურ ჭორს, რომ თითქოს ეს არის უთანხმოების მიზეზი, ან ელენე აპირებს პარლამენტში შესვლას, ან თითქოს არის რაიმე განხეთქილება მინდა ვუპასუხო, რომ ეს ასე არ არის, ვიმეორებ, ეს არის ის, რაც დიდი ხნის მანძილზე ვიცოდით. ბუნებრივია გული გვწყდება, მაგრამ ჩვენ ვრჩებით თანამოაზრეებად, ეს არის პოლიტიკა – ვრჩებით თანამებრძოლებად და ვემსახურებით ერთ მიზანს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იტვირთბა....