საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე კვლავ არ ჰყავს – როგორც თავად აცხადებენ, გამგეობის ხმები ორ ძლიერ კანდიდატს შორის გადანაწილდა და გამგეობას რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება გაუჭირდა.
საიაში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში განაგრძობენ ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საიას თავმჯდომარე აირჩევა ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე კანდიდატის არჩევა შესაძლებელია ზედიზედ არაუმეტეს სამჯერ. მოქმედ თავმჯდომარეს – სულხან სალაძეს ამოეწურა თავმჯდომარედ არჩევის შესაძლებლობა და გამგეობის დღის წესრიგში ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგა. საიას წესდების შესაბამისად, 2020 წლის 27 დეკემბერს გამგეობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა.
ორგანიზაციის წესდების თანახმად, სხდომის ჩატარებამდე განსაზღვრული ვადით ადრე, თავმჯდომარეობის კანდიდატებად მიხეილ ჯახუა და ვახუშტი მენაბდე დასახელდნენ. კანდიდატებმა გამგეობას წარუდგინეს ორგანიზაციის განვითარების საინტერესო ხედვები, რომლის გაცნობის შემდგომ, გაიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ეტაპი. დასახელებულმა კანდიდატებმა აჩვენეს მაღალი პროფესიონალიზმი და ამომწურავად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.
გამგეობის სხდომა წევრების მაღალი ჩართულობით წარიმართა და თავმჯდომარეობის კანდიდატებმა ღირსეულად გაართვეს თავი წარდგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, გამგეობის ხმები ორ ძლიერ კანდიდატს შორის გადანაწილდა და გამგეობას რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება გაუჭირდა.
საია-ს გამგეობა უახლოეს მომავალში განაგრძობს ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას. ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, უფლებამოსილება სულხან სალაძეს უგრძელდება“.
შეგახსენებთ, საიაში კენჭისყრა 18 დეკემბერსაც გაიმართა, თუმცა ისიც უშედეგოდ.