“ნაციონალებმა რაც არ უნდა გააკეთონ, საზოგადოებაში არის დაკვეთა, რომ კონსტრუქციული პარლამენტი და პოლიტიკურ ძალებს შორის ოპონირება იყოს. ამიტომაც ეს დაკვეთა აუცილებლად შესრულდება. ეს გინდა თვეების ამბავი იყოს და გინდაც 1 წლის,” – აღნიშნულის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ for.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
რგორც ანალიტიკოსი for.ge-სთვის მიცემულ ინტერვიში ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხით და საშუალებით ცდილობს, რომ პოლიტიკურ ველზე დომინანტი იყოს. ხოლო თუ ამაში ხელს ვინმე უშლის, მათი დამუნათება, კრიტიკა და მათ წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება ხდება. იგივე ხდება მცირე პარტიების პარლამენტში შესვლის პერსპექტივაზეც.
მისივე განმარტებით, მათ არ უნდათ ეს პარტიები პარლამენტში შევიდნენ და ალტერნატიული სხვა ოპოზიციური ფრთა შეიქმნას, რომლისთვისაც ტრიბუნა საკანონმდებლო ორგანო იქნება.
„მთელი დასავლეთი ოპოზიციას უნისონში მოუწოდებს, რომ კუთვნილი მანდატები აიღონ და არსებული სისტემების გამოსასწორებლად საპარლამენტო ტრიბუნიდან იბრძოლონ. მაგრამ აქ ერთი ძალიან საინტერესო ტენდენცია იკვეთება – ნაციონალებმა რაც არ უნდა გააკეთონ, საზოგადოებაში არის დაკვეთა, რომ კონსტრუქციული პარლამენტი და პოლიტიკურ ძალებს შორის ოპონირება იყოს. ამიტომაც ეს დაკვეთა აუცილებლად შესრულდება. ეს გინდა თვეების ამბავი იყოს და გინდაც 1 წლის.
პარლამენტში რომ შევიდეს ერთი-ორი მცირე პარტია და გარეთაც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალები გაძლიერდნენ, შეიძლება რაღაც ალიანსების შექმნა მოხდეს, ეს კი დესტრუქციულ ნაციონალებს აუცილებლად დაამარცხებს. ამიტომ მათ ყველაზე მეტად ასეთი გაერთიანების ეშინიათ. თუმცა ეს ბრძოლა მათთვის ფუჭი და თვითდამაზიანებელია, როგორც საშინაო ასევე საგარეო ასპარეზზე.
ამ არჩევნებში ყველაზე მწარედ და მძიმედ „ევროპულმა საქართველომ“ წააგო, ამიტომაც მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ სხვა პარტიები, რომლებსაც მანდატები აქვთ, დაამუნათონ. შესაბამისად, მათი მხრიდან ასეთი რადიკალური ქცევები გასაგებია. გაუგებარია, ნაციოანლების ტაქტიკა, თუკი ისინი რევოლუციურ სცენარზე არ ფიქრობენ, რადგან ქუჩიდან თუკი სხვა პარტიები პარლამენტში შევიდნენ, ვერაფერს მიიღებენ. პირიქით, მათი რეიტინგი დაეცემა და შესაძლოა, ამის გამო შიდა დაპირისპირება გაღრმავდეს. მისი დესტრუქციულობა უფრო ღია გახდება და სხვა ოპოზიციური პარტიებისგან დისტანცირებულები დასავლეთთანაც საქმეს საბოლოოდ გაიფუჭებენ,” – აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.