ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შესაძლოა, ჩვენს მიმართ იყო ფარული მიყურადება” – ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარე

“არსებობს რამდენიმე ვერსია იმის შესახებ, თუ საიდან ჰქონდა ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ხმების პარალელური დათვლისას ISFED-ის მიერ დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით,” – აღნიშნული განცხადება ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ სართანიამ დღეს გააკეთა.

სართანიას განმარტებით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც ორგანიზაციაზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა.

„საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ, ეს არ ვიცით, ამაზე არის რამდენიმე ვარიანტი, სადაც ყველას თანაბრად აქვს არსებობის უფლება. ISFED-ს დამკვირვებლები 1000 უბანზე ჰყავდა, „ქართულ ოცნებას“ დამკვირვებელი ჰყავდა ყველა უბანზე. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მარტივად იცოდა, რომელ 1000 უბანზე ჰყავდა ISFED-ს დამკვირვებელი. შესაბამისად, ისეთი რესურსების მქონე პარტიას, როგორიც „ქართული ოცნებაა“, ძალიან მარტივად შეეძლო ჩამოეტვირთა ის 1000 ოქმი, დაეთვალა ხელახლა და მისულიყო იმ დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდა. ეს არის ვერსია, რომელსაც არსებობის უფლება აქვს. ასევე, არსებობის უფლება აქვს იმ ვერსიას, რომ შესაძლოა, იყო ფარული მიყურადება, თუმცა მე ამაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, რადგან ამის საფუძველი არ მაქვს. ამ ქვეყანაში ფარული მოსმენა არსებობს, ეს აზრი მუსირებს და ამ ვერსიას სამწუხაროდ, ბორდი ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. აქვე ვამბობ, რომ „ქართული ოცნების“ რესურსების მქონე პარტიას 1000 უბნის ოქმების ჩამოხსნა არ გაუჭირდებოდა ერთ ან ორ დღეში და მათი დათვლა“,- განაცხადა სართანიამ.

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც).

განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.

იტვირთბა....