ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლისთვის ბევრი რეფორმა იგეგმება, რომლის საშუალებითაც ქვეყანა პანდემიის შედეგად გამწვეულ კრიზისს დაძლევს და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება.
როგორც თურნავამ აღნიშნა, 2024 წლამდე ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ევროკავშირში გაბედული განაცხადი გავაკეთოთ.
„ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რაც პირველ რიგში არის ძალიან ძლიერი, თავისუფალი კერძო ბიზნესი. ყველა ჩვენი რეფორმა, რაც დღემდე განგვიხორციელებია და რასაც უახლოეს 4 წელიწადში განვახორციელებთ, მათ შორის ეკონომიკის სფეროში, ემსახურება სწორედ იმას, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ კერძო ბიზნესი, გავხადოთ ის სოციალურად პასუხისმგებლიანი და მთავარი მამომძრავებელი ძალა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში კოვიდის პერიოდში. ძალიან დატვირთული, რეფორმატორული დღის წესრიგი გვაქვს. კერძოდ, ეკონომიკის ნაწილში ძალიან ბევრი რეფორმა მიმდინარეობს და ბევრი იგეგმება, იგივე კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც მეტ ინვესტორს და მეტ ინვესტიციას მოგვიტანს. ბევრი მნიშვნელოვანი, სასიკეთო ცვლილება და რეფორმა არის დაგეგმილი, რომელიც პანდემიიით გამოწვეულ კრიზისს დაგვაძლევინებს და ეკონომიკის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყება. რა თქმა უნდა, 2024 წლამდე ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ევროკავშირში გაბედული განაცხადი გავაკეთოთ“,-განაცხადა თურნავამ.