ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დარჩება პრიორიტეტად და გაგრძელდება მისი რეფორმა იმ ნაწილში, სადაც ეს საჭიროა” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარუს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის მიმართულებებით მთავრობა იმ პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას, რაც წინა წლებში იყო.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პოლიტიკის გაგრძელებამ შედეგად საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა მოიტანა.

„ეს პროგრამა გაგრძელდება და მისი საბოლოო მიზანი იქნება, ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს და შეჭირვებულებს, არ ჰქონდეთ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯების გაწევის აუცილებლობა, როდესაც საუბარია მედიკამენტებზე თუ ჯანმრთელობის მართვაზე. ამიტომ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დარჩება პრიორიტეტად და გაგრძელდება მისი რეფორმა იმ ნაწილში, სადაც ეს საჭიროა.

ამ ნაწილში უაღრესად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ეს პირდაპირ გვაჩვენა კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლამ, სადაც პირველადი ჯანდაცვის რგოლი აღმოჩნდა უაღრესად მნიშვნელოვან, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ამ გამოწვევასთან ბრძოლაში. სოციალური დახმარების ნაწილში შეფასების მეთოდოლოგიის და შემწეობის გაცემის ნაწილი იქნება პრიორიტეტული ამოცანა. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა.

სამწუხაროდ, პანდემიამ ხელი შეგვიშალა ამ მუშაობის დასრულებაში, თუმცა 2021 წელს ეს მუშაობა სრულად დასრულდება და ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ უფრო სწორ მეთოდოლოგიას სოციალურად დაუცველთათვის მიზნობრიობის ხარისხის განსაზღვრისთვის, ისევე, როგორც იმ დახმარების მოცულობის თვალსაზრისით, რომელზეც ჩვენ უკვე ვმსჯელობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის რიგგარეშე პლენარუს სხდომაზე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

 

იტვირთბა....