მამა პეტრე კოლხი თბილისის სავაჭრო ცენტრებში დილაადრიან, დიდი რაოდენობით ხალხის მისვლას და ამის გამო შექმნილ კილომეტრიან საცობებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ყველა ვირუსი აუცილებლად განიკურნება, ერის სიხარბე კი გენეტიკურია!..“ – წერს დეკანოზი.
მამა პეტრეს “ფეისბიქ” პოსტს საზოგადოების უმრავლესობა კრიტიკულად შეხვდა, რის გამოც დეკანოზმა აღნიშნულ კრიტიკას შემდგომნაირად უპასუხა.
„კიდევ კარგი, ილია ჩვენს ეპოქაში არ ცხოვრობს თორემ, თავიდან მოკლავდნენ… ამ სიტყვების გამო- „ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს“.
რა მენტალობაა, რა აზროვნებაა!.. რა შუაშია?! ვინაიდან ილია არ ვარ, ხმის ამოღების უფლება არ მაქვს?! მართალი ყოფილა ილია – „მე მიყივლია და გათენდება თუ არა, ღმერთმა უწყისო“!..“, – წერს პოსტის კომენტარებში პეტრე კოლხი.
ამასთან, დეკანოზმა მოგვიანებით აღნიშნულ საკითხს კიდევ რამდენიმე პოსტი მიუძღვნა.
„ჰოდა, შინ დარჩენილებმა სავაჭრო ცენტრებთან მდგარ ხალხზე ვილოცოთ, უკან მშვიდობით დაბრუნდნენ!..“ – წერს მამა პეტრე.
„როგორი უმადურები ვართ, ხალხი რიგში იყინება და მაინც არ ვაფასებთ!..“ , – წერს დეკანოზი.