მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებები 1996 წელს შეთანხმდნენ, რომ დავით გარეჯთან მიმართებაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ძირითადი დოკუმენტი იყო 1938 წლის შეთანხმება და რუკა, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ, წლების განმავლობაში ასე არ ხდებოდა და პირიქით, მიღებული იქნა საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებები – ამის შესახებ პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენის დროს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი საკითხების გადაწყვეტა ხდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.
“განსაკუთრებით შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელი იყო ის გადაწყვეტილებები, რომელიც წინა მთავრობამ, სააკაშვილის დროს მიიღო და სწორედ ეს აქვს გასარკვევი და დასადგენი პროკურატურას. მიიღეს ძალიან საშიში გადაწყვეტილებები, რაც განაპირობებდა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას და უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას, მათ შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის. რომელიც ხსენებული რუკის მიხედვით, სრულად არის ჩვენს ტერიტორიაზე.
ჯერ კიდევ ჩემი პრემიერობის დროს დავიწყე ამ საკითხის შესწავლა, ეს ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო და არის ახლა, როგორც მთავრობის წევრის და გავარკვიეთ, რომ ყველა ის რუკა და თანმდევი დოკუმენტაცია საქართველოს არქივებიდან იყო გამქრალი. მეორე დამაეჭვებელი გარემოება რაც გამოიკვეთა, წინა მთავრობას და კომისიას ჩემი ინფორმაციით, არასოდეს არ მიუმართავს და მცდელობა არ ჩაუდენია, რომ ეს რუკა ყოფილიყო მოძიებული და ამის მიხედვით ყოფილიყო შეთანხმებული. უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, წინა მთავრობა, კომისია ხელმძღვანელობდა სხვა რუკებით, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა.შედეგად, ხდებოდა არამართლზომიერი , ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმების გაფორმება. ოპონენტებისგან მოვისმინეთ, რომ არაფერი ყოფილა შეთანხმებული, რაც არის ტყუილი. 2006-07 წლებში, კონკრეტულად ეს მონაკვეთი იქნა შეთანხმებული და ნაცვლად იმისა, საზღვარი გაეტარებინათ დავით გარეჯის კომპლექსის ქედის ძირში, როგორც არის ამ რუკით, გამოატარეს პირდაპირ თხემის თავზე. ეს არის მთავრი დარღვევა, ჩემი აზრით დანაშაული.
მე მჯერა გამოძიება დაადგენს ყველა იმ მოტივს, რატომ მიიღო წინა მთავრობამ ეს. სპეკულაციები ხშირად ხდება, რომ ორმა კარტოგრაფმა გადაწყვიტა ეს, რაც აბსურდულია, ასეთი საკითხების გადაწყვეტა ხდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, რაშიც ვგულისხმობ პრეზიდენტს ან პრემიერს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.