“კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საშუალება შემზღუდველი ღონისძიებები და რეკომენდაციების დაცვაა” , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ახალი შემთხვევების შესამცირებლად და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
„კარგია, რომ მეტია პირბადის ტარების ტენდენცია, შეზღუდვებთან ერთად, სწორედ ეს არის ერთ-ერთი შედეგი. ადამიანების უმრავლესობამ გაითავისოს, რომ გარე, თუ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება მნიშვნელოვანია. გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც პოზიტიურად ისახება ახალ გამოვლენილ შემთხვევათა შემცირებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, მოიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან რიგი შეზღუდვები, რომელიც მთავრობამ 28 ნოემბრიდან შემოიღო, ამ ეტაპზე უცნობია.
ხოლო ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატთან ნათია თურნავასთან სავაჭრო ცენტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 21 დეკემბერს მიიღებს.
ამასთან, შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.