„ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობის ლიდერის მიერ დღეს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დღევანდელი გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად – სამწუხარო, სამართლებრივად -ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად- დამარცხებული ძალის ხმა.
მისი თქმით, როდესაც ქვეყნის მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის, „ქართული ოცნების“ ეგზისტენციალურ ამოცანას ოპოზიციასთან დაპირისპირება წარმოადგენს.
„პირველ რიგში, როდესაც ასეთი ძალადობრივი და დამაშანტაჟებელი ტონით ესაუბრება უმარვლესობის ლიდერი დღისით, მზისით მთელი ქვეყნიერების გასაგონად ოპოზიციის ლიდერებს, ამის შემდეგ ვინმეს შეიძლება ეჭვი დარჩეს იმასთან მიმართებით, დახურულ კარს მიღმა როგორ დაელაპარაკება ეს პარტია საჯარო მოხელეებს, აიპების თანამშრომლებსა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო ინსტიტუციებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებზეც ზეგავლენის ბერკეტები მათ აქვთ, რომ მათგან მიიღონ საარჩევნო მხარდაჭერა? შეიძლება ვინმეს კიდევ დარჩეს კითხვის ნიშანი, სადაც მედია არ არის და სადაც კონტროლი არ არის, იქ რა ტონით და რა მიმართებით აქვთ მათ ურთიერთობა? ანუ ახლა ელაპარაკება ოპოზიციის ლიდერებს და მათდამი დაქვემდებარებულ პირებს როგორ აიძულებენ საარჩევნო პროცესებში ჩართვას, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ, ამაზე კითხვაც აღარ ჩნდება, იქ რას იზამენ, რომ თავის საწადელს მიაღწიონ. მე პირადად აღარანაირი კითხვა აღარ მრჩება, თვითონ ხსნის ყველა ფრჩხილს და აჩვენებს ძალადობრივ მუქარასა და შანტაჟზე დაფუძნებულ ბუნებას „ქართული ოცნების.”
სახელმწიფოებრივად ეს არის ძალიან სახიფათო სიტუაცია, როდესაც უმრავლესობა ამაზეა წამსვლელი და მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს უმწვავესი გამოწვევები და ქვეყნის მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა ფიზიკური და ემოციური გაგებით გადარჩენისთვის, ეგზისტენციალურად ამოცანად უმრავლესობას დასახული აქვს ოპოზიციასთან ბრძოლა. პოლიტიკურად გამარჯვებული ძალა ასე არ ლაპარაკობს, ეს არის დამარცხებული ძალის ხმა. სამართლებრივადაც არაკონსტიტუციურია, რასაც კობახიძე ამბობს და აანონსებს. კონსტიტუცია მარტო დაწერილი ტექსტი ხომ არ არის, მას აქვს სულისკვეთება, ლოგიკა, პრინციპები და ღირებულებები და ყველას წინააღმდეგ გალაშქრებაა ეს, რასაც აკეთებს,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.