ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მასწავლებელი რომელიც სკოლის წინ შიმშილობდა

რატომ გააგდეს 116-ე სკოლიდან ისტორიის პედაგოგი?

116-ე სკოლის, ახლა უკვე ყოფილი ისტორიის პედაგოგი დავით ფერაძე, 116-ე სკოლის წინ სამი დღის განმავლობაში ერთი კაცის აქციას აწყობდა. ის ნოემბრის დასაწყისში გაათავისუფლეს სამსახურიდან. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი მასწავლებლის პროფესიული ეთიკის დარღვევა გახდა. დავით ფერაძე ამ მიზეზს არ ეთანხმება, რაც გახდა კიდეც მიზეზი მისი მხრიდან  საპროტესტო კამპანიის დაწყებისა, რომლის შემადგენელი ნაწილი შიმშილობის აქციაც იყო. სამსახურიდან გათავისუფლებულმა პედაგოგმა „მეტრონომს“ განუცხადა, რომ მისი სკოლიდან წასვლით თვითონ განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე იყო დაინტერესებული.

IMG_4480

„მეტრონომი“: რა გახდა სკოლიდან თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

დავით ფერაძე:  ჩემი გათავისუფლების საკითხი განათლების სამინისტროში დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. ჯერ კიდევ წინა დირექტორმა მიიღო მათგან გაფრთხილება, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე შეკერილიყო. მაშინ ის პირადადაც შეხვდა /მინისტრ/ სანიკიძეს და ამ შეხვედრაზეც პირდაპირ არა,მაგრამ ირიბად მიუთითა, რომ მე თუ არ გამიშვებდა, თვითონ მას შეექმნებოდა პრობლემები.

116-ე საჯარო სკოლის მაშინდელი დირექტორი, დიმიტრი მეჭურჭლიშვილი მაშინ მართლაც გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. დავით ფერაძის თქმით, ის სწორედ თავის პრინციპულობას შეეწირა, რადგან უარი თქვა მასწავლებლის სკოლიდან გაშვებაზე. ფერაძე ამბობს, რომ ყოფილი დირექტორი შეიძლება პოლიტიკურ დევნილად ჩაითვალოს, რადგან მასაც ჰქონდა თავისი შეხედულებები მასწავლებლის ხელფასებთან და არასწორ მენეჯმენტთან დაკავშირებით.

– რატომ ამოგირჩიათ მინისტრმა დასაპირისპირებლად თქვენ – ერთი კონკრეტული მასწავლებელი?

კონფრონტაცია ჩემსა და მინისტრს შორის, რომელიც მან პირად დაპირისპირებად აღიქვა, ჯერ კიდევ წინა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო. ჩვენ შეხვედრა გვქონდა საჯარო ბიბლიოთეკაში და იქ მოგვივიდა შელაპარაკება – რა თქმა უნდა, არა პირად, არამედ საგანმანათლებლო საკითხებზე. თუმცა მანამდეც, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მათ /სამინისტროს/ ყოველთვის კონსტრუქციულ ურთიერთობას სთავაზობდა. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტში ღიად შედიოდა 150 სკოლის 150 წარმომადგენელი. ჩვენ უბრალოდ ვეუბნებოდით, თქვენ ახალი მოსულები ხართ და არ იცით ის პრობლემები, რაც ამ სფეროში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისულებამ და იმის წინა ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ არ ელაპარაკებიან, ვისთვისაც ეს პრობლემები ნაცნობია  – ანუ პედაგოგებს. ჩვენ ჩვენს გეგმას ვთავაზობდით, მაგრამ მათ თავი შორს დაიჭირეს. შემდეგ იყო შეხვედრა საჯარო ბიბლიოთეკაში და იქ დაწყებული დაპირისპირება მან /სანიკიძემ/, პირად დაპირისპირებად აღიქვა – როგორ გაბედეს პედაგოგებმა და როგორ დაელაპარაკნენ პირისპირ.

– რა მოთხოვნები გქონდათ?

– ჩვენი მოთხოვნა იყო (და ახლაც არის), უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელს თავისი შრომის ადეკვატური ანაზღაურება ჰქონოდა. ეს იმისთვის, რომ სწავლის ხარისხი იყო კარგი და არა  მასწავლებლის კეთილდღეობისთვის (თუმცა არც ეს არის ცუდი), რომ მასწავლებელი ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე არ ფიქრობდეს და მოსწავლეზე იყოს ორიენტირებული. ერთ კონკრეტულ მოსწავლეს სახელმწიფო რა თანხითაც აფინანსებს – ვაუჩერული თანხით, 400 ლარით, ამას ერთი მასწავლებელი კერძო მოსწავლისგან იღებს სამ თვეში. სწავლის ფასს ხომ ბაზარი არეგულირებს და რაც ბაზარზეა, იმას უნდა მივუახლოვოთ. შეიძლება ერთ მოსწავლეზე სახელმწიფომ მასწავლებელს ასი ლარი ვერ გადაუხადოს, მაგრამ  ფასი მიახლოებული მაინც უნდა იყოს. ძირითადი მოთხოვნა ეს იყო და მათ ეს შორს დაიჭირეს. მერე ამას მოყვა პრემიების, დანამატების, ხარჯების გაზრდა სამინისტროში და მაშინ უკვე მათ მხილებაზე გადავედით. სწორედ ეს ვერ აიტანეს. მათთვის ეს წარმოუდგენელი იყო, როგორ გაბედა პედაგოგმა და როგორ დაიწყო მხილება. მიზეზების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს – ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მიზეზი /სამსახურიდან განთავისუფლების/ სამინისტროს მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება იყო.

დავით ფერაძე ამბობს,რომ მასწავლებელთა საკოორდინაციო ცენტრის ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც სამინისტროს არ მოსწონდა, სკოლების დეცენტრალიზაცია იყო:

დავით ფერაძე: სისტემა დეცენტრალიზებული უნდა იყოს. არ შეიძლება 2000 სკოლას მინისტრი მართავდეს თავისი ხუშტურებით, ყველა სკოლას თავისი სპეციფიკური პრობლემები ან თავისი სპეციფიკური ხედვა აქვს.

დავით ფერაძე პროცედურულ დარღვევებზეც საუბრობს: „ფაქტობრივად გამოვიდა, რომ სექტემბერში ჩადენილ ეთიკურ დარღვევაზე გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღეს. არსად არ არის ოფიციალურად გატარებული და ატვირთული ის დარღვევები, რომლებსაც ჩემი გათავისუფლების მიზეზად ასახელებენ. არსად არ არის გატარებული და ატვირთული არც იმ მასწავლებლის საჩივარი – არადა, ეს ყველაფერი ელექტრონულ სისტემაში უნდა იყოს ატვირთული. სად იყვნენ აქამდე? აქ თვითონ დირექტორის დაინტერესება იკვეთება, რომ მას ეს საქმეები მოეგროვებინა და მერე ერთად შეეკერა. თუ მასწავლებელს დარღვევა აქვს, მაშინ სახდელისთვის უნდა მიემართა, ასეთი რამე კი არ ყოფილა“ – ამბობს ფერაძე.

ოფიციალურად დავით ფერაძის სკოლიდან დათხოვნის მიზეზი ხუთი დარღვევა გახდა. აქედან სამი მასწავლებლებისთვის, მათ შორის დირექტორის მაშინდელი მოვალეობის შემსრულებლის, ნანა ღაჭავასთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტია. ასევე ნანა ჭაღავას /იმ დროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის და ახლანდელი დირექტორისთვის/ წინააღმდეგ მოსწავლეების ამხედრება. ბრალდების ბოლო პუნქტის მიხედვით, რომ ფერაძემ ერთ-ერთი მშობელი შემოიყვანა სკოლის შენობაში და ხელი შეუწყო, რომ მშობელს სკოლის მანდატური ეცემა. საქმე ისაა, რომ ეს მშობელი თვითონ დათხოვნილი პედაგოგის ძმაა, კონფლიქტი კი დავით ფერაძის ძმისშვილის, იმავე სკოლის მოსწავლის გამო მოხდა. დავით ფერაძე ამბობს, რომ ბავშვი მანდატურმა კიბიდან დააგორა და სხვა მასწავლებელი რომ არ მიშველებოდა, სერიოზულად დაშავდებოდა. როდესაც „მეტრონომმა“ კითხვით მიმართა 116-ე სკოლის დირექტორს, ნანა ღაჭავას, მან განაცხადა, რომ ამდაგვარი არაფერი მომხდარა და ბავშვი კიბეზე არავის დაუგორებია. მისი თქმით, დავით ფერაძე სკოლაში შემოუძღვა თავის ძმას, რომელმაც მერე მანდატურს სცემა. რა ბრალი მიუძღვის დავით ფერაძეს, რომ მისმა ძმამ მანდატურს სცემა, დირექტორმა გვიპასუხა, რომ მან მშობელი სკოლაში საგანგებოდ მანდატურთან დასაპირისპირებლად შემოიყვანა:

„/ჩვენს სკოლაში/ 1200 ბავშვი სწავლობს. მშობელი ყოველ წუთას ვერ შემოვა, ეს ქაოსს გამოიწვევს. ამიტომ ყველა სკოლაში ასეა – არის ერთი დღე, როდესაც მშობელს შეუძლია სკოლაში შემოვიდეს და მისი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ გაიგოს, ნახოს და დაელაპარაკოს დამრიგებელს. მაგრამ პედაგოგს თუ შემოჰყავს ვინმე, დარაჯი ნამდვილად არ შეწინააღმდეგება“ – ამბობს ნანა ღაჭავა.

რაც შეეხება 116-ე სკოლის დირექტორს, ნანა ღაჭავას, მან ჩვენთან საუბარი იმით დაიწყო, რომ დავით ფერაძე მოსწავლეებს ზედმეტ თავისუფლებას აძლევდა. ჩვენ ვთხოვეთ, დაეკონკრეტებინა, რა იგულისხმა ზედმეტ თავისუფლებაში:

IMG_4482

ნანა ღაჭავა: ბავშვები ზოგადად თავისუფლები არიან, ანუ მათ გარკვეული უფლებები გააჩნიათ, მაგრამ არსებობს ვალდებულებებიც, არა? ოჯახის და ზოგადად ადამიანების წინაშე.

„მეტრონომი“: პედაგოგი /დავით ფერაძე/ მათ რამე ვალდებულებების დარღვევისკენ მოუწოდებდა?

– არა, პედაგოგი დარღვევისკენ არ მოუწოდებდა, აქ სულ სხვა სიტუაცია იყო. აქ იყო /ეთიკური/ დარღვევები. დავით ფერაძე ძალიან ცდილობდა თავიდანვე ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა.

ნანა ჭაღავამ დავით ფერაძის მიერ მისთვის ფეისბუქზე მიწერილი მესიჯებიც გვაჩვენა, რომლებიც თავაზიანობით ნამდვილად არ გამოირჩევა. მან „მეტრონომთან“ საუბარში ისიც აღნიშნა, რომ დათხოვნილი პედაგოგი მოსწავლეებს და მათ მშობლებსაც სწერს ფეისბუქზე და საპროტესტო აქციების მოწყობისკენ მოუწოდებს.

ნანა ღაჭავას თქმით, მას პირადად დავით ფერაძის საწინააღმდეგო არასოდეს არაფერი ჰქონია, პირიქით – დირექტორად დანიშვნისთანავე მას გაცილებით მეტი საათი მისცა, ვიდრე ფერაძეს მანამდე ჰქონდა.

116-ე სკოლის სამსახურიდან დათხოვნილი პედაგოგი, დავით ფერაძე პროტესტის გაგრძელებას შიმშილობის აქციით აღარ, მაგრამ სასამართლოთი აპირებს.

 გიორგი სურამელი

იტვირთბა....