“თქვე მამაცხონებულებო, თუ შედეგი გინდათ დადგეს ამ ისტორიული ბრძოლისა დროებით მაინც დაივიწყეთ ეს შური და კონკურენცია” – ასე მიმართავს “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელით “მთავარი არხის ხელმძღვანელობას, რომელიმაც მისი თქმით, დღის მთავარი სიახლე დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ “საინფორმაციოებიდან მოხსნა და სადღაც ბოლოში გადააგდო”
“დღეს დავწერე განცხადება და დავტოვე დეპუტატობა. ეს ულაპარაკოდ მთავარი მოვლენაა არა მარტო მიმდინარე სიახლეებში.ამის მიუხედავად, “მთავარმა არხმა” ტრადიციულად მოხსნა ეს შეტყობინება საინფორმაციოებიდან ან გადააგდო სადღაც ბოლოში. აი ამიტომ აღარ დავდივარ მათთან პირდაპირ ეთერებში. თქვე მამაცხონებულებო, თუ შედეგი გინდათ დადგეს ამ ისტორიული ბრძოლისა დროებით მაინც დაივიწყეთ ეს შური და კონკურენცია” – წერს შალვა ნათელაშვილი.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს პოსტის კომენტარებში უპასუხა “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ: “ბატონო შალვა, მგონი ჯობია ცოტა ხანი არაფერი წეროთ. მხოლოდ თავს იზიანებთ, რაც არ მიხარია, რადგან გგულშემატკივრობთ. ps პირველ ბლოკში გავაშუქეთ ცხრიანში. დღის მთავარი ნიუსი ეს ნამდვილად არ იყო. რა მნიშვნელობისაც იყო, იმ განრიგით გავაშუქეთ” – წერს ნიკა გვარამია.