ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფაქტი ის არის, რომ ამ ნაბიჯით პოსტსაბჭოთა საქართველოს ლიდერმა დასავლეთი კიდევ უფრო გაიუცხოვა…” – ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველო-ამერიკის პარტნიორობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“საქართველოს ისტორიიდან:
ეგზოტიკურად დაიწყო შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა 1990-იან წლებში – “მაგან თავი ხომ არაფერს მიარტყა” (”This guy better get his head examined”), დაახლოებით ასე ჟღერს ქართულად ის წინადადება, რაც უფროს ჯორჯ ბუშს აღმოხდა CNN-ის კორესპონდენტთან საუბრისას, როდესაც შეიტყო, რომ 1991 წლის აგვისტოს პუტჩს, გამსახურდია გორბაჩოვს აბრალებდა, იხსენებს ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი თომას გოლცი თავის წიგნში “საქართველოს დღიური – პოლიტიკური ქაოსისა და ომის ქრონიკა პოსტსაბჭოთა კავკასიაში”.

მაგრამ ბუშისა და გამსახურდიას “დაპირისპირება” ამით არ დაწყებულა – 1991 წლის 1 აგვისტოს ჯორჯ ბუში უფროსი უკრაინას ეწვია და უზენაესი საბჭოს სესიას მიმართა სიტყვით, რომლის გამოც შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ცნობილმა ჟურნალისტმა, პულიცერის პრემიის ლაურეატმა უილიამ საფაირმა კიევურ დედალს შეადარა. უკრაინელ დეპუტატებთან საუბრისას უფროსმა ბუშმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკების ლიდერებს ამერიკის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდათ და საბჭოთა კავშირში დემოკრატიის დაბადების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამის პასუხად, გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში 9 აგვისტოს გამოქვეყნდა გამსახურდიას მთავრობის წერილი, რომელიც გმობდა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ კურსს – “იმპერიის მიერ დაპყრობილ ყველა სახელმწიფოს უნდა მიეცეს სრული თავისუფლება არჩევანის გაკეთებაში… ბატონი ბუში საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი ერების ბრძოლას თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის ნაციონალიზმის სახიფათო გამოვლინებას უწოდებს. ჩვენ ვისურვებდით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მთავრობა მხარს უჭერდნენ არა კომუნიზმს, ტირანიასა და მოჩვენებით რეფორმებს, არამედ ჭეშმარიტ დემოკრატიას. ერთა თავისუფლებას და დემოკრატიას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დარჩება ამერიკის შეერთებული შტატები თავისი ისტორიული მისიის ერთგული” .

რთულია წერილის ავტორს არ დაეთანხმო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ ნაბიჯით პოსტსაბჭოთა საქართველოს ლიდერმა დასავლეთი კიდევ უფრო გაიუცხოვა”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

იტვირთბა....