სულ უფრო მიღრმავდება შთაბეჭდილება, რომ გლობალური პოლიტიკურ-პუბლიცისტური დისკურსი ძალიან ზედაპირულად და პოლარიზებულად ახდენს ისლამის და ისლამისტური ექსტრემიზმის პრობლემის რეპრეზენტაციას – რეალური სურათი კი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ერთი უკიდურესობაა მანტრა “ისლამი მშვიდობიანი რელიგიაა”, რომელიც ამტკიცებს, რომ აისისს სინამდვილეში “არაფერი აკავშირებს” ისლამთან. მეორე, რასისტულად შეფერილი დისკურსი კი ყველა მუსლიმს პოტენციურ ექსტრემისტად გვისახავს და ყველაზე უმწეო ხალხის – ლტოლვილების – დემონიზაციას ცდილობს. პრობლემის გაგებაში კი ვერც ერთი ეს ფორმულა ვერ გვეხმარება. “ისლამური სახელმწიფო” რელიგიის სახელით მოქმედებს, ისლამის ერთ-ერთ, ექსტრემისტულ და ფუნდამენტალისტურ ინტერპრეტაციას ეყრდნობა და ამის უარყოფა არაფერს მოგვცემს. მაგრამ მსოფლიოს 1,6 მილიარდი მუსლიმის ერთ ქვაბში ჩაყრა და ისლამში მრავალფეროვნების არდანახვაც სიბეცე და ამორალობაა – მითუმეტეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ აისისის დაუნდობელი სისასტიკის პირველი სამიზნე სწორედ მუსლიმები არიან – ისინი, ვინც, ექსტრემისტების აზრით, ჭეშმარიტებას გადაუხვია. მოთხოვნა, რომ მუსლიმები “ღიად გაემიჯნონ” აისისს (რასაც უამრავი მუსლიმი აკეთებს კიდეც) თავისთავად პრობლემურია, ვინაიდან მოიცავს დაშვებას, რომ შესაძლოა ყველა მუსლიმი უჭერდეს მხარს უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტას. მძიმე დანაშაული და ძალადობა ორგანიზებული რელიგიების არაერთი წარმომადგენლობის კისერზეა (ისტორიაში შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენივე 17 მაისი გავიხსენოთ; ან პედოფილიის პრობლემა ვატიკანში – აშ. და აშ.). მაგრამ ყველა მორწმუნეს არ ვთხოვთ მანკიერებას საჯაროდ გაემიჯნონ და დაგმონ. იმიტომ, რომ ვთვლით – ძალადობას შეუძლებელია ყველა უჭერდეს მხარს. ამ ყველაფერზე სერიოზული და გულახდილი ლაპარაკია საჭირო – ერთი მხრივ ზედაპირული პოლიტკორექტულობის, მეორე მხრივ კი რასიზმისა და ქსენოფობიის უარყოფით. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი სიღრმისეული პოზიცია და ანალიზი – ჩემი შთაბეჭდილებით, ყოველ შემთხვევაში – დღევანდელ დისკუსიებში დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
იტვირთბა....