ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დროს გართულებებმა შესაძლოა იჩინოს თავი უსიმპტომო პაციენტებშიც, ამიტომ ნებისმიერი შემთხვევა საყურადღებოა.
როგორც ინფექციონისტმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა, გართულებები უფრო ხშირად ვითარდება ასაკიან და თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქ შემთხვევებში გართულებები არ იწყება.
„ოჯახის წევრებს შორის იმათ, ვინც უფრო მაღალი ასაკის არის და თანხმლები დაავადება აქვთ, გართულებები უფრო ხშირად აქვთ, ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ თუნდაც ერთნაირი ჯანმრთელობის და ასაკის მქონე ორ ადამიანში შეიძლება, ერთგან სრულიად მშვიდობიანად წარიმართოს და მეორეგან უცებ დაიწყოს გაუთვალისწინებელი და რაღაცნაირი გაუგებარი გართულებები. ამიტომ სიფრთხილე ყველას მართებს, მსუბუქ პაციენტებსაც.
თავიდან, როდესაც არ აქვთ სიმპტომები, შემდეგ ფიქრობენ, რომ უკვე გადავლილია, უნდა ახსოვდეთ, რომ მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება დაიწყოს გართულება, ამიტომ სიფხიზლე, ყურადღება, ოღონდ არა პანიკური შიში ყოველთვის უნდა იყოს კოვიდდადასტურებულ პაციენტებში“, – განაცხადა ინფექციონისტმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 174 383 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 145 287 გამოჯანმრთელდა, 1 614 კი გარდაიცვალა.