“გირჩის” დაშლის ფაქტმა გარკვეული კითხვები გააჩინა: რატომ იყოფა პარტიის ლიდერების გზები სწორედ დღეს, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ განსაკუთრებით ერთიანი უნდა იყოს და ამ ფაქტთან ხომ არ შეიძლება მოვისაზროთ ბიძინა ივანიშვილი? – ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “მეტრონომთან” ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილის ინტერესი არა “გირჩის,” არამედ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა იქნებოდა. მისივე თქმით, “გირჩის” დაყოფის მთავარ მიზეზად შესაძლოა პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე პირადი უთანხმოება ჩავთვალოთ.
“შეიძლება გარკვეულ კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რატომ მოხდა “გირჩის” დაშლა დღეს, როდესაც ოპოზიციას სჭირდება ერთიანობა და მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდა, იშლება კონკრეტული პარტია. შეიძლება თვითონ ივანიშვილი არ არის ჩარეული, მაგრამ შესაძლოა “გირჩის” შიგნით არსებობს უთანხმოება კონკრეტული ადამიანების პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით.
შეიძლება ივანიშვილი ცდილობდეს ამ პარტიის დაშლას, მაგრამ უფრო მგონია, რომ პირად უთანხმოებასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ივანიშვილი უფრო ალბათ დაინტერესებული უნდა იყოს და იმუშაოს “ნაცმოძრაობის” დაშლაზე, რადგან მას ეკუთვნის 36 მანდატი” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ, 4 დეკემბერს Facebook-ზე დაწერა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.
თამარ შუკვანი